„საქართველოს მოსახლეობის ნუტრიციული (კვებითი) სტატუსიდან გამომდინარე, ქვეყანაში მასობრივი ფორტიფიკაციაა (გამდიდრება) რეკომენდებული, ყველაზე მეტად კი - პურის მიკროელემენტებით გამდიდრება“, - ამბობს გაეროს ბავშვთა ფონდის პროგრამების ხელმღვანელი თაკო უგულავა.
უგულავამ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში ხორბლის ფქვილის რკინითა და ფოლიუმის მჟავით სავალდებულო ფორტიფიკაციის შესახებ პრეზენტაცია გამართა.
თაკო უგულავას თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ორგანიზმში ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნაკლებობის ანუ მალნუტრიციის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა. გლობალურ დაავადებათა მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ მალნუტრიცია იწვევს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ორგანიზმში იოდის, რკინის, A ვიტამინისა და თუთიის ნაკლებობა ჯანმრთელობის ყველაზე სერიოზულ რისკსფაქტორს წარმოადგენს. მალნურტიციის აღმოფხვრის ერთ-ერთი საშუალება საკვების გამდიდრებაა. მოსახლეობის დიდ სეგმენტს, მიკროელემენტები საკვებიდან მიეწოდება.
როგორც წესი, იმ პროდუქტის ფორტიფიცირება ხდება, რომელსაც მოსახლეობა ყველაზე მეტად მოიხმარს.
„ხორბლის ფქვილი ფორტიფიცირებისათვის იდეალური პროდუქტია, რადგან იგი საყოველთაოდ მოხმარებულ პროდუქტებს შორის ყველაზე ხელმისაწვდომია“, - ამბობს თაკო უგულავა. მისი თქმით, ფორტიფიცირების პარამეტრები კანონმდებლობით უნდა განისაზღვროს, რადგან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უზრუნველყოფა სახელმწიფოს პრეროგატივაა.
როგორც უგულავა ამბობს, ფქვილის ფორტიფიცირების პროცესი პურის გაძვირებას არ გამოიწვევს, იგი წისქვილკომბინატის ხარჯს უმნიშვნელოდ გაზრდის.
„ის ხარჯი, რომელიც უნდა გაიღოს სახელმწიფომ გაცილებით ნაკლებია, ვიდრე დაავადებებით გამოწვეული ზიანის ხარჯი“, - ამბობს თაკო უგულავა.
ჯანდაცვის კომიტეტის აპარატში ამბობენ, რომ გაეროს ბავშვთა ორგანიზაციის რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების მომზადებაზე მუშაობა დაიწყება.
„ჯანდაცვის კომიტეტში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელშიც UNICEF-ის წარმომადგენლებთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები შედიან. სამუშაო ჯგუფს, ასევე დაემატება ფინანსთა სამინისტროსა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარმომადგენელი, ვინაიდან, ყველა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც გარკვეულ ხარჯებს ითვალისწინებს, მთავრობასთან უნდა იყოს შეთანხმებული", - აცხადებენ ჯანდაცვის კომიტეტში.