
The Guardian-ის ინფორმაციით, ათასობით გოგონა დასავლეთის ქვეყნებს ტოვებს, რათა ახლო აღმოსავლეთში ისლამისტ მეომრებს შეუერთდეს.
14-15 წლის გოგონები, რომელთაც ჯიჰადისტები, ძირითადად, სოციალური ქსელით უკავშირდებიან, მათზე საქორწინოდ სირიაში მიემგზავრებიან, რათა მებრძოლთა საზოგადოებას შეუერთდნენ და ჯიჰადისტებს შვილები გაუჩინონ. გოგონები ევროპიდან, ჩრდილო ამერიკიდან და ავსტრალიიდან ჯიჰადისტ მებრძოლებთან, მათ შორის, „ისლამურ სახელმწიფოსთან" (ISIS) შესაერთებლად ჩასულთა 10%-ს შეადგენენ.
საფრანგეთიდან 63 გოგო უკვე გაემგზავრა. საფრანგეთის უსაფრთხოების სააგენტოს უფროსის, ლუის კაპრიოლის თქმით, გოგონები „მოძმე მებრძოლთა" დახმარების იდეით არიან შეპყრობილნი და მიიჩნევენ, რომ ისლამის გასავრცელებლად მათ შვილები უნდა გაუჩინონ. „ქმრის სიკვდილის შემთხვევაში, ისინი წამებულთა ქვრივებად ჩაითვლებიან", - ამბობს კაპრიოლი.
სირიასა და ერაყში „ისლამურ სახელმწიფოსთან" შესაერთებლად გერმანია 40-მა გოგონამ დატოვა, რაც თინეიჯერებში დამკვიდრებულ ტენდენციაზე, ახლო აღმოსავლეთში მშობლების ნებართვის გარეშე გამგზავრებაზე მიუთითებს.
კონსტიტუციის დაცვის ფედერალური სამსახურის პრეზიდენტ ჰანს-გეორგ მაასენის თქმით, ყველაზე ახალგაზრდა გოგონა 13 წლის იყო. „ოთხმა არასრულწლოვანმა ქვეყანა ინტერნეტით გაცნობილ ახალგაზრდა ჯიჰადისტებზე ქორწინების რომანტიკული იდეით დატოვა", - თქვა მაასენმა.
აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლის თქმით, ამერიკას არ გააჩნია სტატისტიკა, რამდენი გოგონა ტოვებს ქვეყანას „ისლამურ სახელმწიფოსთან" შესაერთებლად.
სამრა კესინოვიჩი, 16 წლის.
როგორც სამრას სკოლაში ამბობენ, იგი „წმინდა ომს" ამართლებდა და კედლებზე წერდა: „მე მიყვარს ალ-ქაიდა".
ფოტო: ინტერპოლი
მრავალი ექსპერტის აზრით, „ისლამური სახელმწიფო“ გოგოებზე სოციალური მედიის საშუალებით დიდ გავლენას ახდენს. უსაფრთხოების საკითხების კვლევის პროფესორის, მია ბლუმის თქმით, ჯიჰადისტები გოგონებს ხალიფატს „დისნეის მსგავს“ ადგილად უხატავენ. ზოგიერთ მათგანს ფინანსურ დახმარებას ჰპირდებიან, მათ შორის მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას, ან კომპენსაციას ბავშვის გაჩენისთვის.