
„ვიცოდი, რომ საპნის ხსნარი მიმქონდა მოლდავეთში და არა თხევადი ჰეროინი, - ამბობს 2 ტონა თხევადი ჰეროინის გადატანის საქმეზე პატიმრობიდან გათავისუფლებული მძღოლი გურამ ცეცხლაძე.
„იმ მანქანაზე მუშაობა ერთი კვირის დაწყებული მქონდა. მითხრეს, რომ საპნის ხსნარი უნდა გადამეტანა მოლდავეთში. 9 ივლისს ბათუმში გადმოტვირთეს ჩემს მანქანაზე. ტერმინალში არ მიმიღეს. მითხრეს, რომ საბუთი მაკლდა. მეორე დღესვე გავაკეთეთ საბუთები. დათვალიერებაზე გამიშვეს, მაგრამ იქ მითხრეს, რომ საპნის ხსნარი უნდა წაგვეღო ექსპერტიზაზე, რადგან საეჭვო ჩანდა. 11 ივლისს ექსპერტიზაზე რაც აღმოჩნდა, მთელმა ქვეყანამ იცის“, - აღნიშნა გურამ ცეცხლაძემ.
როგორც გურამ ცეცხლაძე განმარტავს, ბათუმიდან მოლდავეთში ტვირთვის ტრანსპორტირებისთვის 400 დოლარი უნდა აეღო.
„არც იმ მძღოლს ვიცნობდი, ვისი მანქანიდანაც ჩემს მანქანაზე გადმოტვირთეს ტვირთი, არც ტვირთის მეპატრონე თურქი მინახავს“, - აღნიშნავს ტარიელ ცეცხლაძე.
ცეცხლაძის ინფორმაციით, დაპატიმრების დროს ან შემდგომ, ციხეში ყოფნისას მის მიმართ შეუსაბამო ქცევას ადგილი არ ჰქონია.
გურამ ცეცხლაძე 10 ივლისიდან პატიმრობაშია. ის ბოლოს გლდანის მე-8 საპყრობილეში იმყოფებოდა.
გამოძიების ინფორმაციით, 2014 წლის ივნისში გურამ ცეცხლაძის სატვირთო ავტომობილში სამართალდამცველებმა 2 ტონა და 790 კილოგრამი თხევადი ჰეროინი აღმოაჩინეს. მძღოლი პატიმრობიდან გუშინ საღამოს გაათავისუფლეს.