
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ 2014 წლის 8 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
მოსარჩელეები წარმოადგენდნენ შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების გამო ქმედუუნაროდ აღიარებულ პირებს. საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად გამოაცხადა რიგი საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც აწესრიგებდა „ჭკუასუსტობისა“ და „სულით ავადმყოფობის“ გამო ქმედუუნაროდ აღიარებისა და ქმედუუნარო პირებთან დაკავშირებულ მრავალმხრივ ურთიერთობებს.
საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ქმედუნარიანობის ინსტიტუტი ინდივიდუალური გონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინების გარეშე, უკრძალავდა ქმედუუნარო პირებს სამოქალაქო უფლება-მოვალეობების დამოუკიდებლად განხორციელებას. ქმედუუნარო პირებს ეკრძალებოდათ ისეთი მარტივი, წვრილმანი გარიგებების დადებაც კი, როგორიცაა საკვების, საყოფაცხოვრებო ნივთებისა თუ სამგზავრო ბილეთების შეძენა. სასამართლომ საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე პირების უნარები ინდივიდუალურია. სასამართლომ დაადგინა, რომ არათანაზომიერად იზღუდებოდა კონსტიტუციით გარანტირებული პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.
მოსარჩელეები ასევე ასაჩივრებდნენ ქმედუუნარო პირებისათვის ქორწინების აკრძალვის კონსტიტუციურობას. სასამართლომ განმარტა, რომ კონსტიტუციის 36-ე მუხლით გარანტირებული ქორწინების უფლება გულისხმობს პირის თავისუფლებას, ნებაყოფლობით და გაცნობიერებულად შექმნას ოჯახი მის მიერ არჩეულ პარტნიორთან.
საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირის ნების გარეშე, თუნდაც მისი მეურვის თანხმობით, სტაციონარში მოთავსება წარმოადგენს კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფლების უფლების შეზღუდვას, რაც დაუშვებელია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე და ეს ნორმაც არაკონსტიტუციურად ცნო.
სასამართლომ ასევე არაკონსტიტუციურად ცნო „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ კანონის ის ნორმები, რომლებიც არ ითვალისწინებდა ქმედუუნარო პირის უფლებას, მიეღო ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და მისი გონებრივი უნარების გათვალისწინებით გავლენა მოეხდინა მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე.
2015 წლის 1 აპრილამდე საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს შესაძლებლობა ექნება უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანა.