„არც ერთი მკვლელობა არ ხდება უმიზეზოდ, განსაკუთრებით როცა ოჯახური ძალადობაა“, - პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია ილიას უნივერსიტეტში მომხდარ მკვლელობას ეხმაურება.
„ოდესღაც საპატიმროს ყველა ტოვებს, ვისაც უვადო არა აქვს მისჯილი და ეს სტიგმა მოვხსნათ იმიტომ, რომ მათგან, ვინც ციხიდან თავისუფლდება, ბევრი უბრუნდება ოჯახსა და საზოგადოებას ისე, რომ არ არღვევს კანონს და ნუ მივაყენებთ ყველას შეურაცხყოფას. თუ ვინმე განმეორებით ჩადის დანაშაულს, მკაცრად ისჯება კანონით. ყველა მკვლელობას, განსაკუთრებით ასეთ ოჯახურ ტრაგედიებს აქვს მიზეზობრივი კავშირი. ჩვენ დღეს კენჭი ვუყარეთ პაკეტს, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დაცვისთვის პრევენციული ღონისძიებების გაძლიერებას და გამკაცრებას. ვამკაცრებთ და ვითვალისწინებთ შექმნილ ვითარებას. ძალიან ბევრი გარემოებაა შესასწავლი", - განცხადა ეკა ბესელიამ.
მკვლელობა ილიას სახელობის უნივერსიტეტში რამდენიმე საათის წინ მოხდა. მაკა წივწივაძეს ყოფილმა ქმარმა ესროლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
წივწივაძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, რის გამოც პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.