სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს მიმართავს რეკომენდაციით და მოითხოვს, „განსაკუთრებული მსჯელობის საგნად იქცეს ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობის საშიში ტენდენციები".
„საქართველოს პარლამენტმა გამოიყენოს საპარლამენტო დემოკრატიული კონტროლის მექანიზმი და უახლოეს მომავალში მოიწვიოს საქართველოს მთავრობის შესაბამისი წევრები პრობლემების მოგვარების კონკრეტული და პრაქტიკული ნაბიჯების თაობაზე ანგარიშის მოსასმენად", - თქვა უჩა ნანუაშვილმა.
სახალხო დამცველის თქმით, მთავარ პრობლემას კანონონმდებლობის აღუსრულებლობა წარმოადგენს.
„ხშირად გვესმის არგუმენტი, რომ რთულია ოჯახში ძალადობის იდენტიფიცირება, რადგან იგი ჩაკეტილ სოციალურ წრეში ხდება. თუმცა ქალთა მიმართ ძალადობა დიდი ხანია გასცდა ჩაკეტილ სივრცეს. საზოგადოების გულგრილ დამოკიდებულებასთან ერთად მთავარ გამოწვევას დაცვისა და დახმარების ღონისძებების არაადეკვატური გამოყენება წარმოადგენს. ხშირად, ძალადობის მსხვერპლ ქალთა დასაცავად არ ხდება იმ მექანიზმების გამოყენება, რომლებიც კანონით არის გათვალისწინებული და შესაბამისად, მათი თხოვნა დახმარების თაობაზე სამართალდამცავების მხრიდან უგულებელყოფილი რჩება. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ საქართველოს შსს-ს რომ ოჯახში ძალადობის ფაქტის დროს მომხდარიყო რისკების შეფასება და გამოყენებული ყოფილიყო კანონით გათვალისწინებული დაცვის ღონისძიებები. თუმცა ჩვენ მიერ შესწავლილი საქმეების უმრავლეს შემთხვევაში სამართალდამცავების მიერ მოძალადის გაფრთხილება ხდებოდა ხელწერილით, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ფორმას საერთოდ არ ითვალისწინებს ძალადობისაგან დაცვის არსებული სამართლებრივი მექანიზმები და ის მხოლოდ დამკვიდრებული პრაქტიკის ნაწილია, რომელიც სრულიად არაეფექტურია. ჩვენ გვაქვს ფაქტები, როდესაც დაზარალებულმა ორჯერ ან მეტჯერ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს დაცვის კონკრეტული ღონისძიებებისთვის, თუმცა პოლიცია მხოლოდ გაფრთხილებით და ხელწერილით შემოიფარგლა" - თქვა სახალხო დამცველმა.