„სულ რამდენიმე თვის წინ შინაგან საქმეთა მინისტრმა დახვეწა წესები და შესაბამისი რეგულაციები ბრძანების სახით გამოსცა, რომელიც უბნის ინსპექტორებისთვის შემაკავებელი ორდერების გამოცემის უფლების მინიჭებას ითვალისწინებს“, - ამბობს შსს-ს წარმომადგენელი ზვიად ოქროპირიძე.
მანამდე უბნის ინსპექტორებს ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირების უფლებამოსილება და ვალდებულება ჰქონდათ, თუმცა შემაკავებელი ორდერის გამოცემის უფლება არ ჰქონდათ. ორდერის მეშვეობით კი მოძალადე პირების მიმართ გარკვეული მოთხოვნები დადგინდა.
ზვიად ოქროპირიძის თქმით, მინისტრის ბრძანება პოლიციის თითოეული განყოფილების ფარგლებში უბნის ინსპექტორებად - ქალისა და მამაკაცის გამოყოფას ითვალისწინებს. ისინი ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირებას მოახდენენ და, საჭიროების შემთხვევაში, შემაკავებელ ორდერს გამოსცემენ.
„რეაგირება მყისიერი და საკმაოდ მკაცრი იქნება. აქამდე უბნის ინსპექტორები და ასევე პატრულ-ინსპექტორები ახსნა-განმარტების ჩამორთმევით შემოიფარგლებოდნენ. ამის შემდეგ კი ყველა შემთხვევაში შემაკავებელი ორდერი გამოიცემა, რაც ყველა მოძალადე პირის მიმართ სერიოზული პრევენციული ღონისძიება იქნება, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში კი გამოძიება მყისიერად დაიწყება“, - განმარტავს ზვიად ოქროპირიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების პროექტიც მოამზადა, რომელიც ოჯახში ძალადობის დანაშაულის შესახებ სასჯელის სახით თავისუფლების აღვეთის შემოღებას ითვალისწინებს.
„სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახის მხოლოდ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებს, რა თქმა უნდა, ეს ნორმა ეფექტიანი არ არის, ამიტომ თავისუფლების აღკვეთა უნდა დამატებულიყო“, - ამბობს შსს-ს წარმომადგენელი.
პროექტის თანახმად, ოჯახური ძალადობის პირველ შემთხვევაში ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაა გათვალისწინებული, ხოლო გამეორების შემთხვევაში - 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის (ოჯახში ძალადობა) მოქმედი რედაქცია შემდეგი სახით არის ჩამოყალიბებული:
1. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, −
ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე .
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ;
ბ) არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
გ) ორი ან მეტი პირის მიმართ;
დ) პირთა ჯგუფის მიერ;
ე) არაერთგზის, −
ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ორას საათამდე, თავისუფლების შეზღუდვით ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.