საქართველოში ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი შეიქმნება. ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ევროპული ცენტრის წარმომადგენლების პრაქტიკული რჩევები მოისმინეს, რაც საქართველოში ნარკოვითარების მონიტორინგის ცენტრის შექმნის პროცესში უნდა გაითვალისწინოს.
ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ფუნქცია საქართველოში არსებულ ნარკოვითარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამეცნიერო-პრაქტიკული მეთოდოლოგიების დანერგვა, საერთაშორისო დონეზე შესაბამის ორგანიზაციებთან ინფორმაციის გაცვლა და ანგარიშგების წარმოება იქნება.
ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის შექმნით საქართველო უზრუნველყოფს ნარკოვითარების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის შეგროვებას, მათ ანალიზს და ამის საფუძველზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას.
ნარკომანიის მონიტორინგის ეროვნული ცენტრის შექმნა ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგითა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებაცაა.
როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ აღნიშნა, მონიტორინგის ეროვნული ცენტრის შედეგები სხვადასხვა საკანონმდებლო და პოლიტიკური ხასიათის ზომებში აისახება.
ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი „ლიბერალთან“ საუბარში ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის შექმნას დადებითად აფასებს. მისი თქმით, ცენტრის შექმნის მცდელობა 2002 წლიდან იყო, თუმცა რიგი მიზეზების გამო, აქამდე ვერ მოხერხდა.
„საქართველოში სამთავრობო უწყებების მხრიდან ნარკოტიკებზე მსჯელობა ყოველთვის ვარაუდების საფუძველზე ხდებოდა. ამ ვარაუდზე ეწყობოდა ხოლმე სტრატეგია. სამთავრობო უწყების მხრიდან კვლევები კი ამართლებდა იმ რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას, რაც ქვეყანაში იყო. ეს კვლევები არ იყო კვალიფიციურად შესრულებული ეპიდემიოლოგიური კვლევები და უპირველეს ყოვლისა არსებული პოლიტიკის გამყარებას ემსახურებოდა. ძალიან რთული იყო, დაგესაბუთებინა, რომ რეპრესიული პოლიტიკა პრობლემას ვერ აგვარებს“, - ამბობს ჯავახიშვილი.
რაც შეეხება ნარკოვითარების ეროვნულ ცენტრს, ფსიქოლოგის თქმით, ქართველ სპეციალისტებს ევროპის ნარკომანიისა და ნარკოტიკების მონიტორინგის ცენტრი (EMCDDA) ამზადებს.
„ამის სტანდარტი არსებობს, თუ როგორ უნდა მოხდეს ნარკოინფორმაციის შეგროვება, რა კვლევები უნდა ჩატარდეს და ა.შ.“ - ამბობს ჯანა ჯავახიშვილი.
ფსიქოლოგის თქმით, მონიტორინგის შედეგების შემდეგ სახელმწიფოს მხრიდან გაიზრდება იმის ალბათობა, რომ ნარკოპოლიტიკა დაბალანსდეს, რომ თანაბარი ყურდღება მიექცეს, როგორც მოწოდების, ასევე მოთხოვნის შემცირებაზე მიმართული ღონისძიებების დაგეგმა-დაფინანსებას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას, მათ შორის, განათლების სამინისტროს გააქტიურებას პრევენციის მტკიცებულებაზე დაფუძნებული პროგრამის დასანერგად. ასევე მონიტორინგის ცენტრის შედეგების მიხედვით უნდა მოხდეს სტრატეგიის კორექცია.
„მჯერა, ობიექტური მონიტორინგი გამოავლენს, რომ ნარკოტიკების მოხმარების კრიმინალიზაციას არც სახელმწიფოს, არც საზოგადოებისა და არც მომხმარებლებისთვის არავითარი სარგებელი არ აქვს. იმედი მაქვს, ობიექტურად ჩატარებული მონიტორინგით ნარკოპოლიტიკაში არსებული ყველა პრობლემა გამოჩნდება და სახელმწიფო სტრატეგია დაიხვეწება“, - ამბობს ჯანა ჯავახიშვილი.