Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნანუაშვილი: მოხის მეჩეთის საკითხის განხილვამდე დემონტაჟი უნდა შეჩერდეს

27 ოქტომბერი, 2014 13:31

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სოფელ მოხეში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური რეაგირების საჭიროებაზე საუბრობს. „ლიბერალი" სახალხო დამცველის აპარატის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები შეხვდნენ სამცხე–ჯავახეთის მუფტს, სოფელ ჭელას წინამძღვარს და ადგილობრივ მუსლიმ თემს, რომელთა ინფორმაციით, ორშაბათს 27 ოქტომბერს კვლავ იგეგმება სოფელ მოხეში სადავოს შენობის დემონტაჟის გაგრძელება. მათი შეფასებით, მსგავს მოქმედებას, სოფელ მოხეში შესაძლოა სიტუაციის რადიკალიზება მოჰყვეს.

საქართველოს სახალხო დამცველი ითვალისწინებს რა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა, ასევე საქართველოს საპატრიარქოს მიერ სოფელ მოხეში განვითარებული მოვლენების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს აღნიშნული საკითხის დიალოგის რეჟიმში განხილვის აუცილებლობას. ხოლო, განხილვამდე დემონტაჟის პროცესის შეჩერებას. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სწორედ ის ორგანოა, რომელიც რელიგიის საკითხებზე, მათ შორის სადავო ნაგებობებთან დაკავშირებული დავების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა იყოს ჩართული. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს განცხადებით, ისევე როგორც სამცხე–ჯავახეთის მუსლიმი მოსახლეობის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებისათვის მოწოდებული ინფორმაციით დასტურდება, რომ სოფელ მოხეში მდებარე ნაგებობასთან დაკავშირებით ადგილობრივმა თვითმმართველობამ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკითხის განხილვის პროცესში მონაწილეობა სააგენტოს არ მიუღია. ამასთან, სამცხე–ჯავახეთის მუფტმა საქართველოს სახალხო დამცველს მიაწოდა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ მუსლიმი მოსახლეობის მოთხოვნებით განცხადებები შეტანილი იყო, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ასევე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში.

საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები 2014 წლის 24 ოქტომბერს იმყოფებოდნენ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში, იქ განვითარებული მოვლენების შესწავლის მიზნით. საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები შეხვდნენ და გაესაუბრნენ სოფლის მუსლიმ და მართლმადიდებელ მოსახლეობას, 2014 წლის 22 ოქტომბერს სოფელ მოხეში დაკავებულ პირებს. ასევე, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესა და ამავე მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს. საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალციხისა და ბორჯომის დროებითი მოთავსების იზოლატორებში, სადაც 2014 წლის 22 ოქტომბერს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში დაკავებული პირების დროებით მოთავსების იზოლატორში განთავსებისა და გარეგანი დათვალიერების ოქმებს გაეცნენ. ადგილობრივი მუსლიმების ახსნა–განმარტებებით დასტურდება, რომ 22 ოქტომბერს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ გამოყენებული იქნა გადამეტებული ძალა მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ. დროებითი მოთავსების იზოლატორში შედგენილი გარეგნული დათვალიერების ოქმები კი ადასტურებს, რომ დაკავებულ პირებს სხეულზე აღენიშნებოდათ სხვადასხვა სახის დაზიანებები.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება პოლიციელების მიერ 22 ოქტომბერს სავარაუდო ძალის გადამეტების ფაქტებზე და უმოკლეს ვადებში გააცნონ საქართველოს სახალხო დამცველს და საზოგადოებას გამოძიების შედეგები. აუცილებელია, რომ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ გამოყენებული გადამეტებული ძალის ფაქტები არ დარჩეს დაუსჯელი.

საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებისათვის მიცემულ ახსნა–განმარტებაში ადგილობრივი მუსლიმები ასევე საუბრობენ სადავო ნაგებობის დასუფთავებაში პოლიციის წარმომადგენლების მონაწილეობაზე, მაშინ როცა საქართველოს პოლიცია საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად (მუხ. 3, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი). ამასთან, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–8 მუხლის თანახმად, „პოლიციელი თავის საქმიანობაში განუხრელად იცავს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპებს“.

საქართველოს სახალხო დამცველის მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად და არ დაუშვას რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დარღვევა. სახელმწიფო მოხელეთა მოქმედებები ყველა დონეზე უნდა ემყარებოდეს თანასწორუფლებიანობას და უზრუნველყოფდეს ქვეყანაში ტოლერანტული გარემოს შექმნას.

საქართველოს სახალხო დამცველი აგრძელებს სოფელ მოხეში განვითარებული მოვლენების შესწავლას".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^