დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ საქართველო ებოლას გავრცელების თვალსაზრისით, დაბალი რისკის ქვეყანაა და პანიკის საფუძველი არ არსებობს.
გამყრელიძემ ვირუსის სიმპტომებსა და მისი გადადების გზებზე ისაუბრა:
„ვირუსი ადამიანზე გადადის მხოლოდ სიმპტომების გამოვლენის შემდეგ. დაავადებული ადამიანის სხეულიდან ვირუსი მეორე ადამიანზე სისხლთან ან ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით გადადის და არ ვრცელდება ჰაერით, წყლით ან საკვებით. ინფიცირება შესაძლებელია ადამიანის სისხლით ან ბიოლოგიური სითხეებით დაბინძურებულ გარემოსთან კონტაქტის შედეგადაც. ებოლა არის გრიპის მსგავსი, სასუნთქი სისტემის დაავადება“, - თქვა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, ებოლას სიმპტომებს მიეკუთვნება ცხელება, კუნთების ძლიერი ტკივილი, ზოგადი სისუსტე, თვალისა და ყელის ინტენსიური ტკივილი, სისხლდენა. ინფიცირების რისკი იმ ტურისტებისთვის, რომლებიც ეპიდემიის აფეთქების ზონაში მგზავრობენ, ძალიან დაბალია.
გამყრელიძის განმარტებით, ჯერჯერობით, არ არსებობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ აღიარებული ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინა ან მედიკამენტი. მისგან განკურნება კლინიკური მკურნალობის ხარისხსა და პაციენტის იმუნურ სისტემაზეა დამოკიდებული.
„ებოლასგან მოსახლეობის დაცვის მიზნით, სახელმწიფომ გამოსცა საქართველოს მთავრობის განკარგულება ებოლას ვირუსით გამოწვეულ დაავადებაზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“, - თქვა გამყრელიძემ.
მისი თქმით, ნიგერიიდან საქართველოში შემოვიდა 86 ადამიანი, თუმცა მათზე დაკვირვების საჭიროება არ არსებობს, რადგან ნიგერიაში ბოლო 42 დღის განმავლობაში ებოლას არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, 23 ოქტომბრის ჩათვლით მსოფლიოში ებოლას დაავადების 10 141 შემთხვევა აღინიშნა და გარდაიცვალა 4 922 ადამიანი. ვირუსი ყველაზე ფართოდ გავრცელებულია დასავლეთ აფრიკის სამ ქვეყანაში - გვინეაში, სიერა ლეონესა და ლიბერიაში.