
28 ოქტომბერს თავდაცვის სამინისტრომ საკუთარი თანამშრომლების დაკავების საქმის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც სადავო შესყიდვებზე საიდუმლო გრიფის მოხსნას ითხოვდა. სამინისტროს განცხადებით, საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, თავდაცვის სამინისტროს ეს ინიციატივა პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას უზრუნველყოფს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი შესყიდვებს ახორცილებს საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით“.
„ლიბერალთან“ საუბრისას თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ეკა შანიძემ აღნიშნა, რომ გრიფის მოხსნის გადაწყვეტილებას იღებს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი. მას აქვს ერთთვიანი ვადა, რომ გასცეს რეკომენდაცია, მოეხსნას თუ არა საქმის მასალებს გრიფი, ანუ კონტრდაზვერვამ უნდა გადაწყვიტოს, მართებულია თუ არა ამ მასალების გასაჯაროება.
როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას იურისტი ლევან ალაფიშვილი განმარტავს, კანონის მიხედვით, გრიფის მინიჭებაზე უფლების მქონე სუბიექტი, ასევე უფლებამოსილია მოხსნას გრიფი, ოღონდ ამის საფუძველი უნდა ჰქონდეს.
როგორც „ლიბერალს“ თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების ადვოკატმა ლევან სამუშიამ უთხრა, თავის დროზე აღნიშნულ შესყიდვას გრიფი თავად თავდაცვის სამინისტრომ მიანიჭა.
გამოდის, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო საიდუმლო შესყიდვებზე გრიფის მოხსნაც აღნიშნული სამინისტროს პრეროგატივაა.
ლევან ალაფიშვილის თქმით, შესყიდვების მასალებზე გრიფის მოხსნის ორი შესაძლებლობა არსებობს. პირველი - თუკი გრიფის მინიჭების საფუძვლიანობა-კანონშესაბამისობა ეჭვქვეშ დგას და მეორე - ვადის გასვლის ან მნიშვნელობის დაკარგვის გამო, იმ ინფორმაციის გამჟღავნება, რომელსაც გრიფი აქვს მინიჭებული, სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველი აღარ არის.
„არც ერთი და არც მეორე საფუძველი ამ ეტაპზე არ იკვეთება. ყოველ შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტროსგან საჯაროდ არ მოგვისმენია, რომ მათ შესყიდვას გრიფი უკანონოდ მიანიჭეს. მეორე შემთხვევას რაც შეეხება, არც ვადაა გასული და არც ის გამხდარა საეჭვო, რომ ამ ტიპის ინფორმაცია სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია“, - ამბობს ალაფიშვილი.
მისი თქმით, თუკი კვლავ არსებობს სახელმწიფო საიდუმლოების, სახელმწიფო ინტერესის დაცვის ლეგიტიმური საფუძველი და გრიფი კანონშესაბამისად არის მინიჭებული, მისი მოხსნის საფუძველი არ არსებობს.
„თუ თავდაცვის სამინისტრო საკითხს თვითონ დააყენებს ასე, თავს ჩიხში თვითონვე შეიყვანს. სამართლებრივ ჩიხში, ანუ თავდაცვის სამინისტრო თვითონ იტყვის, რომ შეამოწმე აბა, მე შემთხვევით კანონი ხომ არ დავარღვიე, ჩემმა თანამშრომლებმა კანონი ხომ არ დაარღვიეს, როცა გრიფი მიანიჭესო. თუკი ასე წარიმართება საქმე, ამ შემთხვევაში გაფლანგვის ან სხვა მუხლებთან ერთად, შესაძლებელია გამოძიებას საიდუმლოების დაცვის კანონმდებლობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლებიც მიემატოს“, - ამბობს ალაფიშვილი.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, თავდაცვის სამინისტრო გრიფის მოხსნას აღნიშნულ შესყიდვაზე ითხოვს, თუმცა მთავარმა პროკურატურამ გამოძიების დაწყების შემდეგ გრიფი მთლიანად სისხლის სამართლის საქმეს მიანიჭა. შესაბამისად, სამინისტროს თანამშრომლების დაცვის მხარე პროკურატურისგან სისხლის სამართლის საქმეზე გრიფით საიდუმლოს მოხსნას ითხოვს.
„პროკურატურის ეს გადაწყვეტილება, იმის გათვალისწინებით მიიღო, რომ შესყიდვებთან დაკავშირებით სამუშაო დოკუმენტაციას გრიფი ედო. გრიფი მთლიანად საქმეს მიანიჭა. ამის სამართლებრივი საფუძველი გვაქვს, სახელმწიფო საიდუმლოების კანონით, იმიტომ, რომ საქმეში დევს მასალები, ისეთი ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებაა“, - ამბობს ალაფიშვილი.
მისი თქმით, თუკი თავდაცვის სისტემაში დარჩენილ დოკუმენტებსა თუ ინფორმაციას, რომელიც გამოძიების მასალებშიც დევს, პირველადი უწყების მხრიდან გრიფი მოეხსნა, ბუნებრივია, გამოძიების მასალების ეს ნაწილი გახდება არაგრიფირებული.