ბრიუსელის ბიუროში საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტად გიორგი ფოფხაძე დაინიშნა.
როგორც „ლიბერალს“ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა უთხრა, ფოფხაძე უკვე ბრიუსელში იმყოფება და მასთან ერთად სამუშაოდ ქეთი ქარდავა თებერვალში გაემგზავრება.
გენერალური დირექტორის თქმით, ფოფხაძე აღნიშნულ პოზიციაზე დიდი ჟურნალისტური გამოცდილების გამო დაინიშნა.
ბარათაშვილი ამბობს, რომ მისთვის გიორგი ფოფხაძის ჰომოფობიური განცხადებები უცნობია. „არ ვიცი, ჰომოფობიური განცხადებები აქვს თუ არა. ყოველ შემთხვევაში, მის ჟურნალისტურ საქმიანობაში მე ეს არ შემიმჩნევია. თუ რამე მსგავსს გავიგებ, შემიძლია, მერე ვილაპარაკო. თუ ჰომოფობიური განცხადებები აქვს, თავის სიტყვებზე პასუხს თავად აგებს“, - უთხრა „ლიბერალს“ გიორგი ბარათაშვილმა.
მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ, თამარ კინწურაშვილმა „ლიბერალს“ უთხრა, რომ გიორგი ფოფხაძე ერთ-ერთი მათგანია, რომელიც სიძულვილის ენითა და დისკრიმინაციული გამონათქვამებით გამოირჩევა. ფონდი რამდენიმე წელია, პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც რესპონდენტისა და ავტორის მხრიდან სიძულვილის ენისა და სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციის გამოვლენის ფაქტებს აკვირდებიან.
კინწურაშვილს ერთ-ერთ მაგალითად გაზეთ „კვირის ქრონიკიდან“ ამონარიდი მოაქვს, როდესაც ფოფხაძე ანტიდასკრიმინაციული კანონის მიღების შემდეგ, სოსო ჯაჭვლიანის შესახებ საუბრობდა: „გიორგი ფოფხაძე, ჟურნალისტი: ...ევროპის კარი ტრაკით არა მხოლოდ შევაღეთ, ისე წინ წავედით, რომ უკვე იქა ვართ!.. თან უკუსვლით მივდივართ და თან, საჯდომით. სოსო ჯაჭვლიანმა არ შემოიტანა ტერმინი „მესაჯდომეები“ და ხმალამოღებული არ იბრძოდა პედერასტების წინააღმდეგ?! არადისკრიმინირებულო საქართველო, უკანალით შევდივართ ევროპაში?.. უმრავლესობა, როგორ იყო წელიწად-ნახევრის წინ ლექციებს რომ გვიკითხავდით, მიშა სააკაშვილმა მესაჯდომეებით გაავსო ქვეყანა და მამათმავლები თავზე დაგვასვაო!" კვირის ქრონიკა, 5-11 მაისი.