„როგორც უკვე მაიამ მოგახსენათ, მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან და დავდგე ჩემი მეგობრებისა და თანამებრძოლების გვერდით. მე ვიყავი და მომავალშიც ვიქნები იმ გუნდის გვერდში, რომლისთვისაც მთავარი ფასეულობა ადამიანია, ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებული სახელმწიფოს აშენება. ვისთვისაც უმთავრესია ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი. სამწუხაროდ, დღეს გაჩნდა კითხვები ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით. არასდროს ჩვენი ქვეყნის პრინციპებისთვის არ მიღალატია“ - განაცხადა დავით ზალკალიანი დღეს, 12 საათზე საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.
დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ თანამდებობა დატოვა. მასთან ერთად თანამდებობა მისმა ოთხმა მოადგილემ დატოვა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია თანამდებობიდან გადააყენა.
პრემიერის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ირაკლი ალასანიას ბრიფინგი „თავისუფალი დემოკრატების“ ოფისში, სადაც მან განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებში პოლიტიკური სარჩული შეინიშნება. „ეს არის შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე, ეს არის შეტევა იმ სტრუქტურაზე, რომელიც გამორჩეულია საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევის გზაზე“.
პრემიერის გადაწყვეტილების შემდეგ თანამდებობა დატოვა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ალექსი პეტრიაშვილმა.