
ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე „თავისუფალი დემოკრატების“ წევრ ზურაბ აბაშიძის კანდიდატურა უმრავლესობის მიერ არის ინიცირებული და უმრავლესობას მისი გაწვევა შეუძლია, - განუმარტა „ლიბერალს“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა.
როგორც კახიანი აღნიშნავს, თუ უმრავლესობა „თავისუფალი დემოკრატების" წევრ კომიტეტების თავმჯდომარეებსა და ვიცე-სპიკერს გადააყენებს, ახალი კანდიდატურები კომიტეტების წევრთა რიგებიდან დასახელდებიან და მათ 15-დღიან ვადაში სიითი უმრავლესობით აირჩევენ.
„ერთი ვარიანტია, რომ თვითონ დაწერონ განცხადება და წავიდნენ, მაგრამ თუ პარლამენტმა მათი გადაყენება გადაწყვიტა, სიითი უმრავლესობით ესეც შესაძლებელია", - აღნიშნავს კახიანი.
კახიანი „თავისუფალი დემოკრატიის“ ფრაქციის მომავალზეც საუბრობს.
„თქვეს, რომ უმრავლესობის რიგების დატოვებას აპირებენ, მაგრამ მე, როგორც ვიცი, 12 ნოემბერს ოფიციალურ განცხადებას გააკეთებენ იმის შესახებ, კოალიციიდან ათივე მათგანი წავა, თუ არა. ჰიპოთეტურად ვმსჯელობ, მაგრამ თუ ფრაქცია „თავისუფალ დემოკრატების" წევრებიდან 3-4-ს კოალიციაში დარჩენის სურვილი ექნება, მათ ამის საშუალება მიეცემათ. გადაწყვეტილება იმის შესახებ, კოალიციაში ვინ რჩება და ვინ არა, ბოლომდე თვითონაც არ აქვთ მიღებული", - ამბობს კახიანი.
„თავისუფალი დემოკრატების" წევრი ვიქტორ დოლიძე პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეა, დავით ონოფრიშვილი - პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, გია ცაგარეიშვილი - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო ზურაბ აბაშიძეს პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობა უკავია.
ზურაბ აბაშიძე პირობას იძლევა, რომ თანამდებობიდან არ გადადგება.