საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2014 წელს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის რაოდენობა შემცირდა.
გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოებში 2014 წლის 9 თვის (იანვარი-სექტემბერი) განმავლობაში სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე 952 შუამდგომლობაა განხილული, რომელთაგან 819 დაკმაყოფილდა.
მაშინ, როცა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2011 წელს სატელეფონო საუბრების მოსმენის შესახებ მხოლოდ თბილისის პროკურატურიდან შესული იყო 7195 შუამდგომლობა, 2012 წელს - 5951, 2013 წლის პირველ 5 თვეში - 1400, ხოლო 2014 წლის 9 თვეში ყველა საგამოძიებო ორგანოდან მხოლოდ 952 შუამდგომლობა. სტატისტიკა, აგრეთვე, აჩვენებს, რომ შემცირდა ძალოვანი სტრუქტურების მიერ დაყენებული შუამდგომლობების დაკმაყოფილების პროცენტული მაჩვენებელიც - თუ 2011 წელს ეს რიცხვი 99.86 %-ს შეადგენდა, 2014 წელს სასამართლოებმა უკვე შუამდგომლობების მხოლოდ 86,03 % დააკმაყოფილეს.
თუმცა სტატისტიკაში არ არის მითითებული, თუ რომელმა ორგანოებმა (პროკურატურა, შსს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური) დააყენეს აღნიშნული შუამდგომლობები სასამართლოს წინაშე, არ არის მითითებული სატელეფონო საუბრების ფარულ მოსმენაზე იყო დაყენებული შუამდგომლობები თუ აღნიშნული სტატისტიკა მოიცავს მიყურადების სხვა მეთოდებსაც (მაგ. კავშირგაბმულობის არხიდან ან კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოხსნისა და ფიქსაციის შესახებ).
საქართველოში ფარული მიყურადების საფუძვლები „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ კანონით რეგულირდება, რომლის მიხედვითაც სამართალდამცავ ორგანოებს, სხვა ღონისძიებებთან ერთად სატელეფონო მოსმენის უფლებაც აქვთ. თუმცა ეს იმ შემთხვევაში, როცა სხვა საგამოძიებო მოქმედებები შედეგს ვერ იძლევა.