
ფრაქცია „უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარების" წევრის, გოდერძი ბუკიას თქმით, ფრაქციის წევრები საპარლამენტო უმრავლესობაში გადასვლის საკითხს განიხილავენ და გადაწყვეტილებას ორშაბათს მიიღებენ.
„ვფიქრობთ ამ საკითხზე და გადაწყვეტილებას ორშაბათსბ მივიღებთ. ჩვენ ისედაც ვიყავით ხელისუფლების მხარდამჭერი ფრაქცია. ვმუშაობთ ხელისუფლებასთან ერთად და ქვეყანას, როგორც სჭირდება, ყველაფერი ისე იქნება", - უთხრა გოდერძი ბუკიამ „ლიბერალს".
გუშინ ფრაქციის თავმჯდომარემ, კახა ოქრიაშვილმა „ლიბერალთან“ საუბარში ფრაქციის საპარლამენტო უმრავლესობაში გადასვლის შესაძლებლობა გამორიცხა და აღნიშნა, რომ ამ თემაზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
მოგვიანებით, ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა შალვა შავგულიძემ "თავისუფალი დემოკრატებში" გადასვლის შესახებ განაცხადა და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.
საქმე ის არის, რომ შავგულიძის გადაწყვეტილების შემდეგ, უმრავლესობის შესანარჩუნებლად დეპუტატების საკმარისი რაოდენობა არ არის. საპარლამენტო უმრავლესობაში სულ მცირე 76 დეპუტატი უნდა იყოს გაერთიანებული. უმრავლესობიდან შალვა შავგულიძის გასვლამდე მასში სწორედ, 76 წევრი იყო დარჩენილი.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა გუშინ განაცხადა, რომ შალვა შავგულიძეზე არ არის დამოკიდებული, პარლამენტში „ქართულ ოცნებას" გარანტირებული უმრავლესობა ექნება თუ არა. მისი თქმით, ამას არც გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილება ცვლიდა.
„ნუ დაგავიწყდებათ დამოუკიდებელი დეპუტატები, რომლებიც მზად არიან „ქართული ოცნების" რიგებში შემოვიდნენ", - ამბობს ხიდაშელი.