
ფრაქცია „უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარები“ საპარლამენტო უმრავლესობაში გადადის. ფრაქციამ პარლამენტის ბიუროს ოფიციალური წერილით მიმართა.
„ფრაქცია უმრავლესობაში გადადის. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ვართ უპარტიოები და ვაცხადებთ, რომ ვუერთდებით საპარლამენტო უმრავლესობას, შემდეგი მოსაზრების გამო:
ქვეყნის წინსვლას მყარი და არამყიფე უმრავლესობა სჭირდება. ჩვენი გაერთიანებით 87-წევრიანი საპარლამენტო უმრავლესობა ყალიბდება და ქვეყნას გაუთვალისწინებელი პოლიტიკური რყევები არ დაემუქრება, რამაც შეიძლება, ვადამდელი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გამოიწვიოს.
ვფიქრობთ, დროის მოკლე პერიოდში ამდენი არჩევნები ქვეყნის ეკონომიკას, წინსვლას და საერთაშორისი იმიჯს დააზიანებს“.
ფრაქციაში ექვსი მაჟორიტარი დეპუტატია გაწევრიანებული: კახა ოქრიაშვილი, სერგო ხაბულიანი, გოგი ლიპარტელიანი, გიორგი გოზალიშვილი, ენზელ მკოიანი, გოდერძი ბუკია.
მას შემდეგ, რაც ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა შალვა შავგულიძემ "თავისუფალი დემოკრატებში" გადასვლის შესახებ განაცხადა და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა, უმრავლესობის შესანარჩუნებლად დეპუტატების საკმარისი რაოდენობა არ იყო. საპარლამენტო უმრავლესობაში სულ მცირე 76 დეპუტატი უნდა იყოს გაერთიანებული. უმრავლესობიდან შალვა შავგულიძის გასვლამდე მასში სწორედ, 76 წევრი იყო დარჩენილი.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა გუშინ განაცხადა, რომ შალვა შავგულიძეზე არ არის დამოკიდებული, პარლამენტში „ქართულ ოცნებას" გარანტირებული უმრავლესობა ექნება თუ არა. მისი თქმით, ამას არც გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილება ცვლიდა.
„ნუ დაგავიწყდებათ დამოუკიდებელი დეპუტატები, რომლებიც მზად არიან „ქართული ოცნების" რიგებში შემოვიდნენ", - ამბობს ხიდაშელი.