
„დამოუკიდებელი მაჟორიტარები - ძლიერი რეგიონებისთვის“ ფრაქცია 7 ნოემბერს დამოუკიდებელმა დეპუტატებმა შექმნეს.
როგორც წესდებაში ვკითხულობთ, ფრაქციის შექმნის მიზანი საქართველოს პარლამენტში ქვეყნის საგარეო და საშინაო საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი პოლიტიკური კურსის გამოხატვა და გატარებაა, ასევე პარლამენტისა და მისი ორგანოების მუშაობაში მონაწილეობა, პარლამენტის კანონშემოქმედებითი საქმიანობის დროს ფრაქციის შეჯერებული აზრის გამოხატვა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და საპარლამენტო ქცევის ნორმების დაცვისა და შესრულებისათვის ხელშეწყობა.
წესდების თანახმად, მათი საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტებია:
1. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა;
2. ადამიანთა საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლების დაცვა;
3. საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა;
4. ინტერგრაცია NATO-სა და ევროსტრუქტურებში;
5. ქვეყნის უშიშროებისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება;
6. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების განვითარებისათვის სათანადო სამართლებრივი და ფინანსური ბაზის ჩამოყალიბება;
7. რეგიონებში თანაბარზომიერი სტაბილური და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისთვის ხელშეწყობა;
8. სოციალური დაცვისა და ეფექტური სადაზღვევო სისტემის ჩამოყალიბება, პენსიის ზრდის უზრუნველყოფა;
9. საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კონტროლის ეფექტური მექანიზმის ჩამოყალიბება;
10. მცირე და საშუალო ბიზნესისა და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის განვთარებისთვის ხელშეწყობა;
11. განათლების სისტემის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
12. სახელმწიფო მმართველობის უმაღლეს და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ეფექტური და მჭიდრო თანამშრომლობა, მოსახლეობის ინტერესების უზრუნველყოფის მიზნით;
13. კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა, სახელმწიფოს ჩაურევლობა სამეწარმეო საქმიანობაში, ეფექტური საგადასახადო საკანონმდებლო ბაზის შექმნა და ბიზნესის ლიბერალიზაცია;
14. სამართლებრივი და გამჭვირვალე საარჩევნო გარემოს შექმნა;
ფრაქციის თავმჯდომარე ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძეა. დანარჩენი წევრები იქნებიან: გურამ მისაბიშვილი, მარიკა ვერულაშვილი, ანზორ ბოლქვაძე, იაშა შერვაშიძე, გიორგი ფეიქრიშვილი.