ჯარისკაცების მოწამვლის საქმეზე თავდაცვის სამინისტროსა და კვების კომპანიის თანამშრომლებისათვის აღკვეთის ღონისძიებად გირაოს შეფარდების შესახებ პროკურორების შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
ბრალდების მხარე გირაოს დაკისრების არგუმენტად იმას ასახელებდა, რომ ბრალდებულებს დანაშაული არ გაემეორებინათ და ასევე თავიდან აეცილებინათ მოწმეებზე შესაძლო ზეწოლა. დაცვის მხარის მტკიცებით კი გირაო ვერ უზრუნველყოფდა, რომ მოწმეებზე ზეწოლა არ მომხდარიყო. ამასთანავე, ადვოკატების თქმით, ბრალდებულების დიდი ნაწილი ახლაც სისტემაში მუშაობს.
მოსამართლემ აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 24 დეკემბერს 13 საათზე დანიშნა.
პროკურატურამ ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტზე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს ბრალი 4 ნოემბერს წარუდგინა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 342-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით ითვალისწინებს.