Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოში დიაბეტით 100 ათასზე მეტი ადამიანია დაავადებული

14 ნოემბერი, 2014 21:53

დიაბეტის მსოფლიო დღე დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 1991 წელს დაარსდა და ყოველწლიურად, 14 ნოემბერს აღინიშნება. ამ დღის მიზანია, კიდევ ერთხელ შეახსენოს მოსახლეობას დაავადების აქტუალობა, გაზარდოს ინფორმირებულობის დონე და მიაწოდოს სიახლეები დაავადების პრევენციისა და მართვის შესახებ. 

დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის მონაცემებით, მსოფლიოში 382 მილიონზე მეტი ადამიანია დიაბეტით დაავადებული. მათგან 46%-ს დიაგნოზი დასმული არ აქვს. მოსალოდნელია, რომ დაავადებულთა რაოდენობა 2035 წლისათვის 592 მილიონს მიაღწევს, ხოლო სიკვდილიანობის მიზეზთა შორის დიაბეტი მე-7 ადგილს დაიკავებს.

2013 წლის მონაცემებით, საქართველოში 17.6 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო დიაბეტით დაავადებულთა საერთო რაოდენობა 77 ათასს აღემატება.

საქართველოში დიაბეტის საერთაშორისო დღე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებაში ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრი „ენმედიცი“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „Welfare Foundation“ იყო ჩართული.

„ენმედიცის“ ცენტრის დირექტორის მოადგილე ხათუნა კეკელაშვილი ამბობს, რომ დიაბეტი ის დაავადებაა, რომელზეც ყურადღების გამახვილება საჭიროა.

„ეს დღე მოწოდებულია იმისათვის, რომ საზოგადოებას, პაციენტს, ავადმყოფს, მთავრობას შევახსენოთ, იმის შესახებ, რომ თუ დღესვე არ ვიმოქმედეთ, ხვალ შეიძლება გვიან იყოს“, -  აცხადებს კეკელაშვილი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის წარმომადგენლის, რუსუდან კვანჭახიძის თქმით, დღეის მონაცემებით, საქართველოში დიაბეტით 100 ათას ადამიანზე მეტია დაავადებული. სიკვდილიანობის ძირითად მიზეზთა შორის კი, დიაბეტსა და მის გართულებებს, პირველი ადგილი უჭირავს.

„შემუშავდა შაქრიან დიაბეტთან ბრძოლის სტრატეგია, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სტანდარტებზე. გვაქვს 3-წლიანი სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანია, სიკვდილიანობის 25%ით შემცირება,“ - ამბობს კვანჭახიძე.

ორგანიზაცია „Welfare Foundation“ დიაბეტის მსოფლიო ფონდის მხარდაჭერით ახროციელებს პროექტს, სახელწოდებით - „დიაბეტის პრევენციისა და მკურნალობის გაუმჯობესება“.

„ჩვენი მიზანია, საზოგადოებას მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია, რომ შესაძლებელია ამ დაავადების მართვა. ჩვენ შევიმუშავეთ პროექტი, რომლის მთავარი მიზანია, ამაღლდეს ცოდნა დიაბეტთან დაკავშირებულ საკითხებზე. გადავამზადეთ ექიმები საქართველოს 4 რეგიონში. ამავე პროექტში მოეწყო დიაბეტის 9 კაბინეტი, რომელიც შესაბამისი მასალებითაა აღჭურვილი. ამავე კაბინეტებშია შესაძლებელი ინფორმაციის მიღება და სისხლში შაქრის შემცველობის უფასოდ გაზომვა“, - განაცხადა „Welfare Foundation“-ის პრეზიდენტმა, სიმონ გაბრიჩიძემ.

დიაბეტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით 14-21 ნოემბერს დაგეგმილია აქცია-კვირეული, რომლის ფარგლებშიც ყველა მსურველს საშუალება ექნება, მიიღოს ინფორმაცია შაქრიან დიაბეტთან დაკავშრებით, გაიაროს უფასო კონსულტაცია და მიიღოს 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ გამოკვლევებზე.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^