Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მეტადონით ჩანაცვლების თერაპიის პროგრამის გამოწვევები

14 ნოემბერი, 2014 22:29

ფინანსური, გეოგრაფიული და სისტემური პრობლემები - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელთა წინაშეც მეტადონით ჩანაცვლების თერაპიის პროგრამაში ჩართული ადამიანები დგანან.

ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელმა პროგრამაში ჩართული ადამიანების საჭიროებების იდენტიფიკაციისთვის საქართველოს 6 რეგიონში შეხვედრები და ფოკუსჯგუფები მოაწყო.

ორგანიზაციის პრეზენტაციაში აღნიშნულია, რომ პროგრამაში ჩართულ ადამიანებს ფინანსური პრობლემები აქვთ, რაც რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. ერთი-ერთი პრობლემა ის არის, რომ ადამიანებს, განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრებთ, უწევთ ქალაქიდან ქალაქში სიარული, რაც მათთვის დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული.

 „თუ გავითვალიწინებთ ნარკომომხმარებელთა სოციალურ ფონსა და დასაქმების მაჩვენებლებს, მათი დიდი ნაწილი ქვეყანაში არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკის გამო ნასამართლევია, რაც შემდგომ უკვე მუშაობის დაწყებისას უქმნის პრობლემას“.

ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის წარმომადგენლის, გიორგი სოსელიას თქმით, ასევე პრობლემას ქმნის ცენტრის მუშაობის საათები.

„როდესაც, მაგალითად, ადამიანებს ამბროლაურიდან ქუთაისში უწევს სიარული, რათა მისი კუთვნილი დოზა მიიღოს, წასასვლელად-წამოსასვლელად და პროცედურებისთვის ის დროში დილის 9-დან 3 საათამდე უნდა ჩაეტიოს, ამიტომ ზედმეტია საუბარი რამე სახის სამსახურზე“, - ამბობს სოსელია.

გეოგრაფიული ხელმიუწვდომლობა ფინანსურ ხარჯთანაც არის დაკავშირებული. მგზავრობის ხარჯები ხშირ შემთხვევაში, პროგრამის ღირებულებას - 110 ლარს აღემატება და საერთო ჯამში მკურნალობა სოლიდურ თანხას მოითხოვს. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ პროგრამაში ჩართულ ადამიანებს დასაქმების პრობლემა აქვთ.

სოსელიას თქმით, პროგრამაში ჩართულ ადამიანებს მართვის მოწმობასთან დაკავშირებითაც აქვთ პრობლემები. როგორც ის ამბობს, მართვის მოწმობა ამ ადამიანებისთვის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს, რისი გამოყენება თუნდაც ტაქსის მძღოლად ან დისტრიბუციაში სამუშაოდ სჭირდებათ.

პრეზენტაციისას ყურადღება ქალ-მომხმარებლების საკითხზეც გამახვილდა. ორგანიზაციის თქმით, ქალებს ორმაგი დისკრიმინაციის პირობებში უწევთ ცხოვრება. ისინი დისკრიმინაციას არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ ნარკომომხმარებელი მამაკაცების მხრიდანაც განიცდიან, ამიტომ საჭიროა, რომ პროგრამები ქალების საჭიროებებზე იყოს მორგებული.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბენეფიციარებისთვის რამდენიმე დღის დოზის ერთიანად გაცემის საკითხს. სოსელიას თქმით, ჯანდაცვის მინისტრის შესაბამის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის შიგნით გადაადგილების დასაბუთებული მიზეზების შემთხვევაში, საექიმო კომისიას აქვს უფლება, რომ ბენეფიციარს ხელზე სამი დღის ულუფა გაატანოს.

სოსელიას თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებითაც არსებობს კითხვები: რა არის და რა შეიძლება ჩაითვალოს დასაბუთებულად და რა არა.

პრობლემა იქმნება ტუბერკულოზიანი პაციენტების შემთხვევაშიც, როდესაც მათ ნაწილს აბასთუმანში უწევს მკურნალობა, სადაც გეოგრაფიულად ცენტრები არა არის ხელმისაწვდომი და ადამიანები, რომლებიც მკურნალობის პროგრამაში არიან  ჩართულნი, საკმაოდ დიდ დაბრკოლებას აწყდებიან.

მეტადონის ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის ერთ-ერთი მიმწოდებელი სამედიცინო ცენტრ „ურანტის“ ხელმძღვანელის, ზურა სიხარულიძის თქმით, ქვეყნის რესურსებიდან გამომდინარე, ხელმისაწვდომობა დღესდღეობით მაქსიმალურად არის მიღწეული.

მისივე თქმით, იმისათვის რომ პროგრამა გაიხსნას, პაციენტების მოთხოვნასთან ერთად რესურსიც უნდა არსებობდეს.

„მაგალითად, სამტრედიაში რომ გაიხსნას დღეს  პროგრამა, საამისოდ, სამწუხაროდ, მატერიალური რესურსი არ არსებობს. გამორიცხულია, რომ იქ, მინიმუმ, 3 ნარკოლოგი მოიძებნოს. იგივე შეიძლება ითქვას აბასთუმანთან დაკავშირებითაც“, - ამბობს სიხარულიძე.

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის წარმომადგენელ ნინო ბურჭულაძის თქმით, გარდა იმისა, რომ ახალი განყოფილებების გახსნას ფინანსები სჭირდება, ასევე სჭირდება კადრები. „განყოფილებამ თავი რომ შეინახოს, პროგრამაში, მინიმუმ, 60 ბენეფიციარი უნდა იყოს ჩართული, ამიტომ არის რეგიონები, მაგალითად, ამბროლაური, სადაც 1 და 2 პაციენტის გამო, კაბინეტები ვერ გაიხსნება“, - ამბობს ბურჭულაძე.

რაც შეეხება პროგრამის საათებს, როგორც ზურაბ სიხარულიძე ამბობს, პროტოკოლის მიხედვით, აუცილებელია, რომ  ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამას საქართველოს დაცვის პოლიცია იცავდეს, ამ სერვისის ღირებულება კი დაახლოებით 2500 ლარამდეა. პროგრამის მოქმედების დრო რომ გაიზარდოს, შესაბამისად, გაიზრდება დაცვის პოლიციისთვის გამოსაყოფი ხარჯი. „თუმცა მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ დედაქალაქში გაიხსნას ერთი პროგრამა მაინც, რომელიც დღის მეორე ნახევარში იმუშავებს“, - ამბობს სიხარულიძე.

რაც შეეხება მედიკამენტებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების ხელმიუწვდომლობას, სიხარულიძის თქმით, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების (41/ნ) მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს შეიძლება ფორმა 100-ის გარეშეც მიეწოდოს წამალი ბინაზე და ასეთი პრეცედენტები არსებობს. მისივე განცხადებით, იგივე შეიძლება ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტებისთვის.

 

 

სტატია მომზადებულია ევროკავშირის  მიერ   დაფინანსებული პროექტის "მტკიცებულებებზე დამყარებული ჩარევა წამალდამოკიდებულთა უფლებების დასაცავად საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი". სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავტორი და არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს ევროკავშირის პოზიციის გამომხატველად.


 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^