
,,ანტიბიოტიკებით თვითმკურნალობა ჯანმრთელობისთვის სახიფათოა“, - დღეს ამ სლოგანით ევროპის ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის დღე აღინიშნა.
ღონისძიება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივით ჩატარდა. შეხვედრაზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობასა და მასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე ისაუბრეს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ანტიბიოტიკური რეზისტენტობა ჩუმი სიკვდილის ერთ-ერთი ხელშემწყობი მოვლენაა.
რას ნიშნავს ანტიბიოტიკური რეზისტენტობა?
ანტიბიოტიკები ისეთი მედიკამენტებია, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა აქვთ სხვადასხვა ბაქტერიული ინფექციების მკურნალობისა და პრევენციისათვის, თუმცა ანტიბიოტიკების გამოყენების სიხშირესთან ერთად მატულობს მათ მიმართ ბაქტერიების რეზისტენტობაც. ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთი ბაქტერია ბუნებრივად გამძლე ხდება გარკვეული ანტიობიტიკების მიმართ, რაც მათ ეფექტურობას ამცირებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ანტიბიოტიკების გადაჭარბებული დოზით მიღების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ადამიანები მათ გრიპისა და გაციების სამკურნალოდ იყენებენ. ეს დაავადებები კი, ისევე როგორც, ხშირ შემთხვევაში ყელის ტკივილი და ბრონქიტი, გამოწვეულია ვირუსებით და არა ბაქტერიებით. ამიტომაც, ისინი ანტიბიოტიკებით არ იკურნება. ასეთ შემთხვევებში ანტიბიოტიკების მიღება შესაძლოა, სარგებელზე მეტად ზიანის მომტანიც კი იყოს, რადგან გარკვეული პერიოდის შემდეგ, ისინი ინფექციის წინააღმდეგ სათანადოდ ვეღარ მოქმედებენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს:
ანტიბიოტიკების მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით შეიძლება; ანტიბიოტიკებით მკურნალობის კურსი ბოლომდე უნდა დასრულდეს, მაშინაც კი, თუ პაციენტი თავს უკეთ გრძნობს; მკაცრად უნდა იყოს დაცული დოზირება და ანტიბიოტიკის მიღების სიხშირე; არ შეიძლება წინა მკურნალობიდან დარჩენილი ანტიბიოტიკების გამოყენება, ან სხვებისთვის გაზიარება.