Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ცენტრი „ემპათია“: სასჯელაღსრულებამ „ჯაჭვის“ გამოყენება „წარმატებით“ დაიწყო

21 ნოემბერი, 2014 0:50

სახალხო დამცველის განცხადებაში აღნიშნული ფაქტების შეფასება „წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ“ გაეროს კონვენციას არ შეესაბამება, - ამის შესახებ ცენტრ „ემპათიის“ პრეზიდენტის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც საქართველოში წამების პრაქტიკასა და დაუსჯელობის საკითხებს ეხება.

„სამწუხაროდ, სახალხო დამცველის განცხადებაში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება, შეფასდა, მხოლოდ, როგორც „შესაძლო არასათანადო მოპყრობა“, - ნათქვამია „ემპათიის“ განცხადებაში.

ცენტრს საგანგაშოდ მიაჩნია ის გარემოებაც, რომ მომხდარ ფაქტს სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია და მხოლოდ დაგვიანებით დაიწყო არაეფექტური გამოძიება, რაც, განცხადების თანახმად, ასევე არ შეესაბამება გაეროს ამავე კონვენციის მე–12, მე–13 მუხლებით განსაზღვრულ სწრაფი, მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიების ვალდებულებას. 

„ასევე მიგვაჩნია, რომ საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის არსებული პრაქტიკა და ექსპერტთა ფუნქციები შეუსაბამოა „წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ“ კონვენციის ფაკულტატურ ოქმთან (OPCAT) და ,,საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებთან, განსაკუთრებით კი „სტამბოლის პროტოკოლთან“ (წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოყრობისა და დასჯის ეფექტური გამოძიებისა და დოკუმენტირების სახელმძღვანელო) მიმართებაში“, - აღნიშნულია ცენტრის განცხადებაში.

ცენტრი „ემპათია“:

1. მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურორს, გაატაროს ყველა საჭირო ღონისძიება, მათ შორის, „სტამბოლის პროტოკოლის“ პრინციპების მიხედვით, სწრაფი და ეფექტური გამოძიების ჩატარების მიზნით; 

2. მოუწოდებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, „სტამბოლის პროტოკოლის“ პრინციპების შესაბამისად უზრუნველყოს აღნიშნულ პატიმართა განთავსება სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, იმავე საერთაშორისო პრინციპების თანახმად, გამოძიების დასრულებამდე შეუჩეროს უფლებამოსილება N8 დაწესებულების ყველა თანამშრომელს, ვინც მონაწილეობდა აღნიშნულ ფაქტში, ან/და ფაქტის დაფარვაში;

3. მოუწოდებს საქართველოს სახალხო დამცველს, საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციონირება შესაბამისობაში მოიყვანოს ,როგორც ,,საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონთან, ასევე „წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის წინააღმდეგ“ კონვენციის ფაკულტატურ ოქმთან (OPCAT). აგრეთვე, ეფექტურად გამოიყენოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტები წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების საერთაშორისო პრინციპებით დოკუმენტირების საკითხებში;

4. მიმართავს საერთაშორისო და სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და საქართველოს პრეზიდენტს, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირონ არასამთავრობო ორგანიზაციათა ინიციატივას, დამოუკიდებელი მონიტორინგის მექანიზმის შექმნის თაობაზე;

5. მიმართავს გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტის (SPT) თავმჯდომარეს, მეტი გარკვეულობა იქნას შეტანილი OPCAT – ისა და ,,სტამბოლის პროტოკოლის“ ურთიერთმიმართების საკითხში; 

6. მიმართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს გადაიხედოს პატიმრობის კოდექსში 2014 წლის 1 აგვისტოდან შეტანილი ცვლილება, ეგრეთ წოდებული „სპეციალური საშუალებების გამოყენების“ შესახებ, მიგვაჩნია რა, რომ აღნიშნული „საშუალებების“, კერძოდ „ჯაჭვის“ გამოყენება „წარმატებით“ დაიწყო სასჯელაღსრულების სისტემამ. 

19 ნოემბერს სახალხო დამცველმა მთავარ პროკურორს თბილისის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა სავარაუდო დანაშაულის შესწავლის წინადადებით მიმართა. 

„საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულების კატეგორიული მოთხოვნის შედეგად, დაწესებულების თანამშრომლებმა საშუალება მისცეს, ენახათ საშხაპე ოთახში დაკავებული მსჯავრდებული მ.ფ. და ბრალდებული მ.უ. ორივე დაკავებული სველი ტანსაცმლით იწვა იატაკზე. მ.უ.-ს ხელ-ფეხი ერთმანეთზე სპეციალური ჯაჭვით ჰქონდა მიბმული. ორივე პატიმარს გარეგნულად აღენიშნებოდა ძალადობის კვალი, მათ შორის, სახეზე. მ.უ.-ს შუბლის არეში ჰქონდა ნაკვეთი ჭრილობა, საიდანაც მოსდიოდა სისხლი, ასევე, სხვა მრავლობითი დაზიანებები, ხოლო მ.ფ.-ს მარჯვენა თვალში აღენიშნებოდა სისხლჩაქცევა", - აღნიშნული იყო ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^