
დღეს, „Georgian Water and Power- ის“ წარმომადგენლებმა სანზონაში, ყოფილი მე-8 საავადმყოფოს შენობაში მცხოვრები 100-მდე ოჯახისათვის წყლის გადაკეტვა სცადეს. ამის შესახებ "ლიბერალს" შენობაში მცხოვრებმა ბელა ინჯგიამ უთხრა.
მისი თქმით, შენობაში, უსახლკარობის გამო, თვითნებურად შევიდნენ. დაახლოებით 3 წლის წინ მილები იყიდეს და წყალი ეზოდან ბინებში საკუთარი სახსრებით აიყვანეს.
„დაახლოებით დღის პირველი საათისთვის მოვიდნენ წყლის კომპანიის წარმომადგენლები. წყლის გადაკეტვის მცდელობა ჰქონდათ. გვითხრეს, რომ სახლებში წყალი უკანონოდ გვაქვს შეყვანილი. ყველანაირად გვზღუდავენ და გვავიწროებენ. აქედანაც როდის გაგვყრიან, არ ვიცით“, - ამბობს ინჯგია.
მისივე თქმით, წყლის კომპანიის თანამშრომლებს ადგილობრივი მცხოვრებლები დახვდნენ, რის შემდეგაც, „Georgian Water and Power-ის“ წარმომადგენლები მალევე გაბრუნდნენ უკან, თუმცა ინჯგიას თქმით, წლის შეწყვეტის საშიშროების წინაშე რეალურად დგანან.
ყოფილი მე-8 საავადმყოფოს მცხოვრები „ლიბერალთან“ საუბარში ამბობს, რომ წყლის პრობლემა მათი ერთადერთი გასაჭირი არაა. მას შემდეგ, რაც მიტოვებულ შენობაში მეუღლესა და ბავშვებთან ერთად თვითნებურად შესახლდა, სახელმწიფომ სოციალური დახმარება მოუხსნა. დასახმარებლად ყველა სახელმწიფო ორგანოს მიმართა, თუმცა უშედეგოდ.
„ჩვენ შიმშილით ვიხოცებით, ესენი კიდევ მარტო საარჩევნოდ, ხმების მოგროვების მიზნით მოდიან“, - აცხადებს ინჯგია მთავრობის წარმომადგენლებზე.
„ლიბერალი“ ინფორმაციის გადასამოწმებლად „Georgian Water and Power-ის“ წარმომადგენელს დაუკავშირდა. კომპანიამ ოფიციალურად უარყო წყლის გადაკეტვის მცდელობა.
„რამდენადაც ჩვენ გავარკვიეთ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში 300-მდე ოჯახზეა საუბარი, ვინც ყოფილი მე-8 საავადმყოფოს ტერიტორიაზე ცხოვრობს. ჩვენ ყოველთვის ვამოწმებთ ქსელებს, სად რა ხდება. ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ გადაჭრით გპასუხობთ, რომ მოსახლეობისთვის წყლის შეწყვეტა არ იგეგმება".