ორჯერ სეკვესტრირებული 2014 წლის თბილისის ბიუჯეტი და პრობლემებთან შეუსაბამო, უამბიციო 2015 წლის ბიუჯეტი - ეს არის დავით ნარმანიასა და „ქართული ოცნების“ თბილისის მთავრობის 4-თვიანი წარუმატებელი მუშაობის შედეგი და სრული მარცხი - „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მერიის მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს.
„დავით ნარმანიას სამთავრობო გუნდი თავად აღიარებს, რომ ვერ შეძლეს 2014 წლის ბიუჯეტიდან 110 575 400 ლარის ათვისება, რაც თავდაპირველად დამტკიცებული ბიუჯეტის 14 %-ია, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ პირველი 6 თვის განმავლობაში (ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნისას) ბიუჯეტიდან უკვე დახარჯული იყო 304 768 700 ლარი, გამოდის, რომ თბილისის მთავრობამ დანარჩენი თანხის (480 231 300) 23 % ვერ აითვისა",- ნათქვამია განცხადებაში.
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, 10 710 000 ლარით მცირდება საგზაო სამუშაოების დაფინანსება; 12 201 200 ლარით მცირდება ინფრასტრუქტურის ობიექტებისა და ავარიული შენობების გამაგრება; 2 290 800 ლარით - ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა; 6 995 300 ლარით -ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; 2 370 000 ლარით - განათლების მიმართულების დაფინანსება; 5 805 300 ლარით მცირდება კულტურისა და სპორტის დაფინანსება.
მათი თქმით, გაოცებას იწვევს „ქართული ოცნების“ არაადეკვატური მიდგომა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის მიმართ. კერძოდ, დავით ნარმანია აპირებს უფასო მგზავრობა შესთავაზოს ყოფილ პატიმრებს და ამავე შეღავათზე უარს ეუბნება სტუდენტებს, პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებს; უფასო მგზავრობას სთავაზობს ბაღის პედაგოგებს (ეს ჩვენი მოთხოვნის მხოლოდ ნაწილის გაზიარებად შეიძლება მივიჩნიოთ) და უარს ეუბნება სკოლის პედაგოგებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ აზრით, დედაქალაქში არსებული პრობლემების მოგვარებისას გამოჩენილი არაპროფესიონალიზმისა და უუნარობის გამო, უნდა დადგეს თბილისის ვიცე-მერის, ალექსანდრე მარგიშვილისა და თბილისის მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი. დავით ნარმანიას კი უნდა მიეცეს კიდევ ერთი შანსი, შეძლოს პროფესიონალი და პატიოსანი კადრების შერჩევა თბილისის მთავრობის შემადგენლობისთვის, სანამ თავად მისი თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.