აქცია „მგორავი ქვები საყდრისიდან“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სამინისტროდან გამოსულ თანამშრომლებს სტვენით ხვდებიან.
„საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს მნიშვნელობის ფალსიფიცირება და ერის იდენტობისა და ისტორიის უმნიშვნელოვანესი ძეგლის განადგურება ტვირთად ექცევათ ჩინოვნიკებს, ვინც საზოგადოებრივი ინტერესი ერთი ჯგუფის ფინანსურ ინტერესებს შესწირეს. ტვირთად რომელიც დიდხანს უნდა ზიდონ!”, - აცხადებდნენ აქციის ორგანიზატორები.
მათი თქმით, საყდრისი-ყაჩაღიანის ძეგლის აფეთქებით არაფერი სრულდება, არამედ იწყება მოძრაობა ქვეყნის კულტურის პოლიტიკის და ქვეყნის გარემოს დაცვის პოლიტიკის ფუნდამენტური შეცვლის მიზნით.
„საყდრისის მგორავი ქვები არის სიმბოლო იმისა, რომ საყდრისის ისტორია დიდხანს გაგორდება ყველა იმ ჩინოვნიკის კარიერის კვალდაკვალ, რომლებმაც დანაშაულებრივ პროცესში მიიღეს მონაწილეობა. პირველ რიგში კი მიხეილ გიორგაძის, ალექსანდრე მარგიშვილისა და ნიკოლოზ ანთიძის კვალდაკვალ!“