Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მრჩეველთა საბჭო - რელიგიის პოლიტიკის განსაზღვრისათვის

18 დეკემბერი, 2014 22:01

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში მრჩეველთა ჯგუფი შეიქმნა, რომელიც სააგენტოს საკონსულტაცო საბჭოს ფუნქციას შეასრულებს. ექსპერტთა საბჭო რელიგიის სფეროში არსებული ვითარების განხილვასა და შესაბამისი გადაწყვეტილებების ფორმირებაში მიიღებს მონაწილეობას.

მრჩეველთა ჯგუფის წევრები არიან:

ზურაბ კიკნაძე - ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი; ილიაუნის პროფესორი;

ზაზა ფირალიშვილი - ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რელიგიური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი.

ლევან გიგინეიშვილი - მედიევისტიკის დოქტორი, ილიაუნის პროფესორი.

ლევან აბაშიძე - რელიგიათმცოდნე, თეოლოგი, ბიბლიურ-თეოლოგიური ინსტიტუტის დამფუძნებელი;

გიორგი ლობჟანიძე - აღმოსავლეთმცოდნე, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ილიაუნის პროფესორი;

ზაზა შათირიშვილი - ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

როგორც რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე აცხადებს, ჯგუფის წევრები მზად არიან, ამ ფორმატში რელიგიის სააგენტოსთან იმუშაონ იმ საკითხებზე, თუ როგორ არის საქართველოში, ზოგადად, რელიგიური პოლიტიკა გასატარებელი. მისი თქმით, საქართველოში უნდა შეიქმნას თანაცხოვრების მაქსიმალურად საუკეთესო მოდელი.

რაც შეეხება ჯგუფში რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელთა შესვლას, ვაშაყმაძე არ აკონკრეტებს, შევლენ თუ არა მასში უმცირესობების წარმომადგენელები. მისი თქმით, უახლოეს მომავალში ასევე ჩამოყალიბდება რელიგიათა საბჭო, სადაც გაერთიანდება სხვადასხვა რელიგიური კონფესია. თუ როგორი ფორმატის იქნება აღნიშნული საბჭო, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მრჩეველთა ჯგუფის წევრი, აღმოსავლეთმცოდნე ლევან აბაშიძე ამბობს, რომ ყველა იმ საკითხზე, რომლესაც სჭირდება დამუშავება, ექსპერტიზა, მათ შორის თეორიული საკითხები, ამას მრჩეელთა ჯგუფი გააკეთებს, რაც დაეხმარება სააგენტოს, მიიღოს გადაწყვეტილებები,ობიექტურ და თანამედროვე სამეცნიერო აზრზე დაფუძნებული.    

რაც შეეხება ჯგუფში რელიგიური უმცირესობების ჩართულობის საკითხს. აბაშიძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში აქცენტი ექსპერტებზე გააკეთეს, რელიგიის, თეოლოგიის ან თუნდაც პოლიტიკური მეცნიერების კუთხით.

„მთავარი არის ეს და არა ის, რომ თუ ვინ რომელი კონფესიის წარმომადგენელია. მნიშვნელოვანია, რომ სპეციალისტები კარგად იცნობდნენ კონფესიებს და არ არის აუცილებელი, რომ ჯგუფში ამა თუ იმ კონფესიის წარმომადგენელი იყოს“, - ამბობს აბაშიძე.      

რაც შეეხება მრჩეველთა საბჭოს შექმნის მნიშვნელობას, მისი თქმით, რელიგიური თავისუფლების, რელიგიური უფლებების საკითხები უმნიშვნელოვანესია, რაც საქართველოში მწვავედ დგას.   

„ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი კანონმდებლობა, მაგრამ საჭიროა რომ ის ცხოვრებაში რეალურად გატარდეს“, - ამბობს ლევან აბაშიძე.

მრჩეველთა ჯგუფის წევრის, პროფესორ ზურაბ კიკნაძის აზრით, ამ სფეროში ძალიან ბევრი საკითხია მოსაწესრიგებელი. მისი თქმით, ქვეყანაში დღემდე არ ყოფილა ორგანო, რომელიც ამ გლობალურ საკითხს შეისწავლიდა და  კონკრეტულ გეგმებს დადებდა.

„ეს აუცილებელია, რადგან დემოკრატიულ სახელმწიფოში ყველა კონფესია უნდა მოღვაწეობდეს და არავითარი ხელისშემლელი პირობები არ უნდა არსებობდეს, არც სახელმწიფოსგან და არც საზოგადოებისგან. სახელმწიფოს კიდევ უფრო შეუძლია, კანონის საფუძველზე დაარეგულიროს ეს საკითხები, მაგრამ მოსახლეობის მენტალიტეტი, ჯერჯერობით, არ არის მზად, რომ ეს მრავალკონფესიურობა აიტანოს“, - ამბობს კიკნაძე.

მისი თქმით, პირველ რიგში, რასაც ამ ჯგუფის ფორმატში დააყენებს, არის ის, რომ საქართველოში კათოლიკურ ეკლესიას ჩამორთმეული აქვს რამდენიმე ეკლესია ქუთაისსა და ბათუმში, სადაც მართლმადიდებლები არიან შესულები.

რაც შეეხება საზოგადოებრივი აზრის ფორმირების საკითხს, მისი თქმით, ამაში ეკლესიამაც უნდა შეასრულოს გარკვეული როლი.

„მათ ქადაგებებში, სადაც კი მიუწვდებათ ხელი, უნდა თქვან, რომ მართლმადიდებლობა არის ძალიან ფართო კონფესია, რომელიც ყველაფერს იღებს. თუ ჩვენ გვინდა, რომ უცხოეთში ჩვენი ეკლესიები აღიარონ, ჩვენ აქ სხვებსაც ანალოგიურად უნდა მოვექცეთ. წელიწადში რამდენიმე ეკლესია იხსნება საზღვარგარეთ. იქ თუ იტანს ადგილობრივი მოსახლეობა ამას, ჩვენც უნდა ავიტანოთ“, - ამბობს კიკნაძე.

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^