
"მივმართავ საზოგადოებას, რომელი გვირჩევნია, გადავარჩინოთ ბოლნისის მუნიციპალიტეტი, რომელიც მთლიანად მიბმულია ამ კომპანიაზე, თუ შევინახოთ და არაფერში გამოგვადგეს ეს ობიექტი, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს სამტრედიაში ჟურნალისტებს საყდრისის შესახებ.
მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დღემდე, 120-ზე მეტ კულტურულ ძეგლს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, 100-ზე მეტი ძეგლი იქნა რეაბილიტირებული "ქართუ ფონდის" დაფინანსებით, დაახლოებით 50 არქეოლოგიური ობიექტი იქნა გათხრილი.
"ბრალდება, თითქოს მთავრობა ნაკლებ ყურადღებას აქცევს კულტურულ ძეგლებს და არქეოლოგიურ ობიექტებს, არის ძალიან უსაფუძვლო და უპასუხისმგებლო. მინდა საზოგადოებას მივმართო, ჩვენ გვაქვს ორი არჩევანი. დაიდო დასკვნა, რომ ეს არის არქეოლოგიური ობიექტი და მას არავითარი ისტორიული ძეგლის სტატუსი არ გააჩნია. ჩვენს წინაშეა ორი მოცემულობა - ერთი მხრივ არის კომპანია, რომელიც არის პრაქტიკულად დახურვის პირას, ამ კომპანიაში მუშაობს 3 ათასზე მეტი ადამიანი, ანუ ამდენი ოჯახი იღებს ხელფასს. 2012 წელს კომპანიის სახელფასო ბიუჯეტი შეადგენდა 35 მილიონ ლარს, 2013 წელს 41 მილიონ ლარს და 2014 წელს, სულ რაღაც ნახევარი მილიონი ლარი იქნა გაცემული, რადგან კომპანია გაკოტრების პირას არის მისული. ჩვენ ამ ინვესტორებთან შეხება არ გვაქვს, ეს მოხდა იქამდე, ვიდრე სააკაშვილი იყო ხელისუფლებაში, მაშინ შემოვიდნენ ისინი და 300-400 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოიტანეს საქართველოში.
ჩვენ გვაქვს არჩევანი, 3 ათასი ოჯახი დარჩეს დასაქმების და ხელფასების გარეშე, თუ არქეოლოგიური ობიექტი, რომელიც მეცნიერებათა აკადემიის დასკვნის საფუძველზე სტერილური ობიექტია? რომელი გვირჩევნია? არ მახსოვს, წლების განმავლობაში ვინმეს ეხსენებინოს საყდრისი-ყაჩაღიანი", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
"ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ გავაკეთოთ არჩევანი ორ სიკეთეს შორის. აქეთ არის, 3 ათასი ოჯახის შენახვა და კეთილდღეობა და მეორე მხრივ, სტერილური არქეოლოგიური ობიექტი. მივმართავ საზოგადოებას, რომელი გვირჩევნია, გადავარჩინოთ ბოლნისის მუნიციპალიტეტი, რომელიც მთლიანად მიბმულია ამ კომპანიაზე, თუ შევინახოთ და არაფერში გამოგვადგეს ეს ობიექტი. "არემჯი" ჩემი ინფორმაციით, 80%-ით ფარავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხარჯებს, სახელმწიფოს აქვს მინიმალური დანახარჯები მუნიციპალიტეტის შენახვაში და წელს უკვე ჩვენ გავიღეთ 9 მილიონ ლარზე მეტი იმისთვის, რომ შეგვენახა მუნიციპალიტეტი, რადგან ხელფასების გაცემის რისკიც კი არსებობდა. "არემჯი" მზად არის, ობიექტზე მოძიებული არტეფაქტები ბოლნისში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ მუზეუმში გადაიტანოს, რომელსაც თავად ააშენებს.