
ნინო დვალიშვილის შვილი ერთ-ერთია მათგან, ვინც ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამით მოსარგებლეთა შორის ვერ მოხვდა. როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას დვალიშვილი ამბობს, ამის მიზეზად განცხადების დაგვიანებით შეტანას ასახელებენ.
„მითხრეს, რომ განცხადება ნოემბრის ბოლოს უნდა შემეტანა, 24 ნოემბერს ჩავაბარე განცხადება, თუმცა ვაუჩერი ვერ მივიღე, მიზეზად მითხრეს, რომ განცხადება გვიან დავწერე და მათი ბრალი არ იყო, - ამბობს დვალიშვილი.
ვაუჩერები, ასევე ვერ მიიღეს რუსთავში მცხოვრებმა ბავშვებმა. როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას მშობელი მაია ლომთათიძე ამბობს, მას სოციალურმა მუშაკებმა უთხრეს, რომ რუსთავში მცხოვრებ არც ერთ ბავშვს ვაუჩერი არ დაუმტკიცეს. დაუფინანსებლობის სხვა მიზეზი მისთვის არ განუმარტავთ.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა, მზრუნველობის და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მარი წერეთლის განმარტებით, ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამით დაკმაყოფილდა ის რაოდენობა, რაც სახელმწიფო პროგრამით არის გათვალისწინებული.
მისივე თქმით, 2015 წლის პროგრამა ჯერ არ დამტკიცებულა, ამიტომ წინა წლის პროგრამა უწყვეტად გრძელდება, 2014 წლის სახელმწიფო პროგრამით კი 430 ბენეფიციარის დაფინანსება იყო გათვალისწინებული. როგორც წერეთელი ამბობს, ამ დროისათვის, მომლოდინეთა სიაში 100-ზე მეტი პირის განცხადებაა.
მისივე განმარტებით, ვაუჩერის გაცემის კრიტერიუმები არ შეცვლილა და მთავრობის დადგენილებით რეგულირდება.
„პრიორიტეტი ენიჭება წინა წლის მოსარგებლეს, სოციალურად დაუცველს, რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების ბავშვებს, მინდობით აღზრდაში მყოფ ბავშვებს...“, - აცხადებს წერეთელი.
რაც შეეხება რუსთავის შემთხვევას, წერეთლის თქმით, მათ შესახებ ინფორმაცია რუსთავიდან შედარებით გვიან გადმოგზავნეს, ვაუჩერის გაცემის გადაწყვეტილება კი მანამდე მიიღეს.
რა იყო გვიან გადმოგზავნის მიზეზი, „ლიბერალთან“ საუბრისას წერეთელს არ განუმარტავს.
ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამა განკუთვნილია 0-დან 7 წლამდე ასაკის განვითარების შეფერხების, მისი რისკის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის.
პროგრამა მოიცავს ერთი მხრივ ბავშვსა და ოჯახზე მორგებულ ადრეულ ინტერვენციას, მეორე მხრივ, პროფესიონალების მუშაობას შინ, სპეციალიზებულ ცენტრებსა და საბავშვო ბაღებში. მტკიცებულებებზე დაფუძნებული კვლევებით დადასტურებულია ბავშვთა ადრეულ განვითარებაში ინვესტირების მაღალი სარგებელი - მცირდება ბავშვთა სიკვდილიანობა და მიტოვების რისკი, უმჯობესდება ბავშვის ზრდა-განვითარება, იზრდება საგანმანათლებლო პროგრამების ეფექტიანობა, ძლიერდება ოჯახი და საზოგადოება.
დადგენილების მიხედვით, ვაუჩერის ერთი თვის ტალონი ანაზღაურდება არა უმეტეს 144 ლარის ოდენობით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში.