მეთოდოლოგიის ცვლილების გარეშე საარსებო მინიმუმის რეკალკულაცია აბსოლუტურად არარეალურ სურათს მოგვცემს - შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დაწყებამდე უპასუხა კითხვას, როდის დასრულდება საარსებო მინიმუმის ახალ მეთოდოლოგიაზე მუშაობა.
„გასაგებია, რომ საარსებო მინიმუმი სენსიტიური საკითხია, ამაში მრავალი ექსპერტი მონაწილეობს, რომლებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. საარსებო მინიმუმის განსაზღვრა ძალიან დინამიკური და საპასუხისმგებლო საკითხია, ამიტომ ვფიქრობ, მალე ის დაზუსტებული მეთოდოლოგიით გამოითვლება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
რაც შეეხება შეკითხვას, რა უნდა იყოს კრიტერიუმი საარსებო მინიმუმის განსაზღვრის დროს, სერგეენკომ განაცხადა, რომ დღეს არსებული მეთოდოლოგიით გადათვლისას აღმოჩნდება, რომ საარსებო მინიმუმი უფრო დაბალია, ვიდრე იყო აქამდე, რადგან მას ჯანდაცვისთვის გათვალისწინებული ხარჯი და მთელი რიგი პარამეტრები გამოაკლდა. ამიტომ, მისი თქმით, მექანიკური, არითმეტიკული გადათვლა არასწორი და რეალობასთან შეუსაბამო იქნება.