საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, მაია ფანჯიკიძის ინფორმაციით, რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ რუსეთ-საქართველოს შორის არსებული მოლაპარაკება ეკონომიკის სამინისტრომ და ეკონომიკურმა საბჭომ განიხილა.
„ეს არის ეკონომიკური თემა, რომელიც განხილული იყო ეკონომიკის სამინისტროს ეგიდით და ეკონომიკურ საბჭოზე, მიიღეს გადაწყვეტილება. საგარეო საქმეთა სამინისტრო არის მხოლოდ გამტარი ასეთი ინფორმაციების“, - განუცხადა „ლიბერალს“ საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს გაავრცელა. განცხადების თანახმად, 2014 წლის 26 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს გავლით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოუგზავნა ნოტა, რომლითაც რუსეთის ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებას სთავაზობდა რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენას რუსეთ-საქართველოს შორის.
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, აღნიშნულ ნოტას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხა 2014 წლის 8 ივლისის ნოტით, რომლითაც „საქართველოს ხელისუფლებამ უაპელაციო თანხმობა განაცხადა ყველა იმ პირობაზე, რომელთა დაკმაყოფილებასაც რუსეთი ითხოვდა“.
„ნაციონალური მოძრაობის“ თქმით, აღნიშნულ ნოტაში რუსეთის მხარე საქართველოს ისეთ პირობებს სთავაზობს, რომლებიც საზიანოა საქართველოს ეროვნული ინტერესებისათვის.