დიდ ბრიტანეთში ექიმებმა 6 დღის გოგონას თირკმელები და ღვიძლის უჯრედები ორ პაციენტს გადაუნერგეს. BBC-ის ინფორმაციით, ორგანოთა ტრანსპლანტაციის ეს ოპერაცია პირველად ჩატარდა.
ექსპერტების თქმით, სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი სხვა დონაციების პერსპექტივაც არსებობს, თუმცა გაერთიანებული სამეფოს კანონი ამის საშუალებას, ჯერჯერობით, არ იძლევა.
ჟურნალ Archives of Diseases in Childhood-ში ექიმები წერენ, რომ ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაბადებისთანავე ძალიან სუსტი იყო.
ანალიზებმა აჩვენეს, რომ მუცლად ყოფნისას მას ჟანგბადი არასათანადო რაოდენობით მიეწოდებოდა და რეანიმაციის მიუხედავად, ტვინი ძლიერად დაუზიანდა.
ექიმების თქმით, ქირურგიული ოპერაცია ძალიან რთული იყო, რადგან სიცოცხლის ამ ეტაპზე თირკმელი 5 სმ სიგრძისაა. ისინი პაციენტების შესახებ დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებენ, თუმცა ამბობენ, რომ ნეონატალური ორგანოების გადანერგვა ჩვილების, ბავშვებისა და ზრდასრულთათვისაც არის შესაძლებელი.