
საქართველოს მთავრობამ საკანონმდებლო ორგანოს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული კანონპროექტით მიმართა.
კანონი შრომითი მიგრაციის სფეროს მიკუთვნებულ ურთიერთობებს დაარეგულირებს და შეეხება, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობისას.
კანონპროექტის მიხედვით, პირის საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომითი მოწყობა თავად პირის მიერ დამოუკიდებლად ან იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხოური ორგანიზაციის საქართველოში რეგისტირებული წარმომადგენლის დახმარებით იქნება შესაძლებელი.
იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხოური ორგანიზაციის საქართველოში რეგისტირებული წარმომადგენლი ვალდებული იქნება შრომითი მოწყობის შესახებ ხელშეკრულებები დადოს უცხოელ დამსაქმებელთან და მიიღოს ზომები უცხოელი დამსაქმებლის შესახებ ინფორმაციის შესამოწმებლად.
ასევე უნდა უზრუნველყოს უცხოელი დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების დადება შრომით ემიგრანტთან. ემიგრანტს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია სახელმწიფოში შესვლის, ყოფნისა და მისი დატოვების შესახებ და ა.შ.
რაც შეეხება პირს, რომელიც დამოუკიდებლად გადის ქვეყნიდან, მან, კონსულტაციის მიღების მიზნით, შესაბამის უწყებას უნდა აცნობოს საკუთარი განზრახვის შესახებ და წარუდგინოს მას უცხოელ დამსაქმებელთან დადებული შრომითი ხელშეკრულების ასლი.
კანონპროექტში ცალკე თავი ეთმობა საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის დამსაქმებელთან შრომითი მოწყობის საკითხს.
პროექტის მიხედვით, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის დასაქმება დამსაქმებელთან მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მოხდება.
საქართველოში საქმიანობის პერიოდში ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელი შრომის ანაზღაურების იგივე უფლებებით ისარგებლებს, როგორც საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელი.
ასევე ანალოგიური შეღავათებით ისარგებლებს შრომისუნარიანობის დაკარგვის შემთხვევაში, საწარმოო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევის ან პროფესიული დაავადების განვითარების შედეგადაც.
რაც შეეხება ამ პირების შემოსავლების დაბეგვრის საკითხს, კანონპროექტის მიხედვით, ბინადრობის არმქონე პირის შემოსავალი საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად დაიბეგრება.