
დონბასში ვითარების გაუარესების გამო, გაეროს უშიშროების რიგგარეშე სხდომაზე გენერალური მდივნის მოადგილემ განაცხადა, რომ მარიუპოლში მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი განგებ გაუხსნეს და დამნაშავეები აუცილებლად უნდა წარდგნენ სასამართლოს წინაშე.
რუსეთის წარმომადგენელმა გაეროში, ვიტალი ჩურკინმა მომხდარში კიევი დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ის თავს არიდებდა დონეცკთან პირდაპირ დიალოგს და საომარი მოქმედებებისთვის ემზადებოდა. ვითარება სხვაგვარად შეიძლებოდა განვითარებულიყო, თუ უკრაინა მძიმე ტექნიკას და სამხედრო ძალებს დონეციდან გაიყვანდა და დროულად შეასრულებდა მინსკის მემორანდუმს.
თავის მხრივ, უკრაინის წარმომადგენელმა რუსეთი უკრაინაში საომარი ტექნიკისა და ჯარის წარგზავნაში დაადანაშაულა და მინსკის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდა.
რუსეთი უარყოფს დონბასში რუსი სამხედროების მონაწილეობას, თუმცა არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა იქ მართლაც იყვნენ რუსი სამშვიდობოები.
სამანტა პაური ამბობს, რომ რუსეთი ცდილობს, მის მიერ კონტროლირებადი ხაზის უფრო ღრმად გადაწევას უკრაინაში. მისი თქმით, მარიუპოლი და დებალცევო სეპარატისატების სტრატეგიული ქალაქებია: როგორც პორტი და როგორც დერეფანი ყირიმთან.
„წინა სხდომაზე ჩვენ ვსაუბრობდით 9 000 რუს სამხედროზე, ხოლო ახლა საუბარია 12 000-ზე, ასევე 235 ტანკზე, 720 ჯავშანტრანსპორტიორსა და 263 საარტილერიო სისტემაზე", - ამბობს უკრაინის წარმომადგენელი იური სერგეევი.
რუსეთის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინული სამხედრო ძალა NATO-ს ლეგიონი, არანაციონალური ინტერესებისა და რუსეთის შემაკავებელ გეოპოლიტიკური მიზნების მიმდვრად გამოაცხადა.
ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე იენს სტოლენბერგმა პუტინის სიტყვებს სისულელე უწოდა.
მარიუპოლს სარაკეტო დანადგარები შაბათს დაესხნენ თავს, რაც ეუთო-ს მტკიცებით, სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მხრიდან იყო. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 30 და დაიჭრა 100-მდე ადამიანი.