„ინვესტორი რამდენჯერაც აქ მოვა, იმდენჯერ დახვდება აქცია. ეს ტერიტორია მისი არ არის. ეს სახალხო ტერიტორიაა“, - ვაკის პარკში „პარტიზანი მებაღეების“ აქცია გაიმართა. მიუხედევად იმისა, რომ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობა ამ დროისათვის შეჩერებულია, აქციის მონაწილეებს მაინც ჰქონდათ პრეტენზიები.
„მერია ამბობს, რომ მშენებლობა გააჩერა და მეორე დილით აღმოაჩენ, რომ სამშენებლო ტექნიკა და მუშები არიან მოსულები - ასე არ შეიძლება. მე არ მინდა, რომ მერიის გადაწყვეტილებებში ეჭვი შემქონდეს. ჩვენ არ უნდა დავდიოდეთ ინვესტორის ჭკუაზე. ქალაქს ჰყავს ხელმძღვანელობა და ის უნდა ჰკარნახობდეს ყველას წესსა და კანონს", - ამბობს „ლიბერალთან“ საუბარში ალეკო ელისაშვილი, რომელიც საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა.
მისი თქმით, დედაქალაქის მერმა უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ქალაქის ინტერესებზე იქნება დაფუძნებული. „თბილისის მერი უნდა დაელაპარაკოს ინვესტორს და ალტერნატიული ტერიტორია შესთავაზოს“, - ამბობს ელისაშვილი.
დეპუტატის აზრს იზიარებს „პარტიზანი მებაღეების“ ლიდერი ნატა ფერაძე: „ხარვეზი მთლიანად ეს მშენებლობაა. მერიას კატეგორიულად უნდა მოვთხოვოთ, რომ ინვესტორს ადგილმონაცვლეობაზე გაესაუბროს. თბილისის მერიამ უნდა შეასრულოს დაპირებები“.
ზედამხედველობის საქალაქოს სამსახურის განყოფილების უფროსმა, ვლადიმერ ჯამბურიძემ „ლიბერალს“ უთხრა, რომ აღნიშნულ მშენებლობას სააღსრულებლო ფურცელი ჩაბარდა, რის საფუძველზეც მშენებლობა შეჩერდა.
მუშები ამბობენ, რომ იქ ღობის შესაკეთებლად მივიდნენ.
„მშენებლობა რეალურად არც მიმდინარეობდა. წესრიგდებოდა მხოლოდ სამშენებლო ღობე. სამუშაოები აღსრულების ბიურომ შეაჩერა, რადგან არსებობს დოკუმენტალური და ობიექტზე მიმდინარე დარღვევები. მათი აღმოფხვრის შემდეგ განიხილება, გაგრძელდება თუ არა სამშენებლო სამუშაოები", - ამბობს ვლადიმერ ჯამბურიძე.