საქართველოს ბიზნეს ასოციაცია შრომითი მიგრაციის შესახებ კანონპროექტს უარყოფითად აფასებს და მიიჩნევს, რომ იგი ნეგატიურ გავლენას იქონიებს ქვეყნის ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე. ბიზნეს ასოციაციის განცხადებას „ლიბერალი" უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია შრომითი მიგრაციის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას ნაჩქარევ, ქვეყნის ბიზნესგარემოსთან შეუსაბამო და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემაფარხებელ დოკუმენტად მიიჩნევს.
იმთავითვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ არც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და არც სხვა მსხვილი ბიზნეს გაერთიანებები ზემოაღნიშნული კანონპროექტის მომზადების ან საჯარო განხილვის პროცესში ჩართულნი არ ყოფილან, რაც თავისთავად იწვევს ჩვენს შეშფოთებასა და წუხილს, რადგან ბიზნესგარემოზე მსგავსი გავლენის მქონე საკანონმდებლო აქტების შემუშავება და პარლამენტისათვის წარდგენა ხდება ბიზნეს წრეებისაგან სრულიად იზოლირებულად, - ისე რომ ინფორმაციაც კი არ არსებობს შესაბამისი პროცესის შესახებ.
კანონპროექტით შემოთავაზებული რეგულაციები, მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას იქონიებს ქვეყნის ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე, რადგან იგი აწესებს მთელ რიგ ბიუროკრატიულ ბარიერებსა და შეზღუდვებს კერძო სექტორში უცხოელი სპეციალისტების მოწვევისა და დასაქმების პროცესში.
იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში მაღალკვალიფიციური კადრების აშკარა დეფიციტია, ისედაც ერთეულ კომპანიებს თუ აქვთ საშუალება უცხოეთიდან მოიწვიონ თანამედროვე განათლების მქონე სპეციალისტები და მათი დახმარებით დანერგონ ინოვაციური ტექონოლგიები, რაც ასე აუცილებელია ცალკეული დარგებისა და ადგილობრივი სამუშაო ძალის განვითარებისთვის
ახალი რეგულაციები მხოლოდ ხელოვნურად გაართულებს, გააძვირებს ამ პროცესს და ეს მაშინ, როდესაც ბიზნესს ისედაც ძვირი უჯდება უცხოელი სპეციალისტის მოწვევა და მისთვის ბევრად მომგებიანი იქნებოდა ადგილობრივი სპეციალისტი დაესაქმებინა თუ ასეთს საერთოდ მოიძიებდა შრომის ბაზარზე.
მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, რომ არ არსებობს საქართველოში შრომითი იმიგრაციის შესახებ ერთიანი ზუსტი სტატისიკური მონაცემები, ისევე, როგორც არ არსებობს სტატისტიკური ინფორმაცია შრომითი იმიგრაციის სტრუქტურის შესახებ, კერძოდ, რა ტიპის კადრების შემოედინება და რა ოდენობით, რა სფეროში საქმდებიან შრომითი იმიგრანტები უმეტესწილად და საბოლოო ჯამში რა გავლენას ახდენს ეს ყველაფერი ადგილობრივ შრომის ბაზარზე თუ უმუშევრობის სტატისტიკაზე.
რამდენადაც ახალი რეგულაციების შემოღების ერთ-ერთ მიზეზად ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში აღებული ვალდებულებები სახელდება, საჭიროდ მიგვაჩნია აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ინფორმაციით, ამ ტიპის რეგულაციის დაწესების პირდაპირი მოთხოვნა საქართველოს მიმართ არ არსებობს; მეტიც, ევროკავშირის ქვეყნები საიმიგრაციო რეგულაციებს და პოლიტიკას თავად, დამოუკიდებლად განსაზღვრავენ და მათთან და მოქმედებს მთელი რიგი გამონაკლისები შრომითი იმიგრაციის მიზნებისათვის სპეციფიკური პროფესიების ან/და კვალიფიკაციის მქონე უცხოელთათვის.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია თვლის, რომ შემოთავაზებული კანონპროექტი სრულიად შეუსაბამოა ჩვენი ქვეყნის დღევანდელ რეალობასა და საჭიროებებთან; მისი მიღება ამ ფორმით გამოიწვევს ქვეყნის საინვესტიციო იმიჯის გაუარესებას და ცალსახად უარყოფითი შეტყობინება იქნება არა მხოლოდ პოტენციური უცხოელი ინვესტორების, არამედ ადგილობრივი ბიზნესისთვისაც".