„სამხრეების ქვეშ დარჩებიან მხოლოდ ის თანამშრომლები, რომელთა საქმიანობაც უშუალოდ ეხება სასჯელის აღსრულების პროცესს, ყველა დანარჩენს სამხედრო წოდება ჩამოერთმევა და სამოქალაქო სამსახურად იქცევა“, - პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე დღეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ, კახი კახიშვილმა პატიმრობის კოდექსის პროექტი წარადგინა.
კახიშვილის თქმით, ამ ფარგლებში ასევე იგეგმება სოციალური სამსახურის სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან გამოყოფა და ცალკე ერთეულად ჩამოყალიბება.
„თუ პოლიციელი მოდიოდა სასჯელაღსრულებაში სამუშაოდ დაბალი სამხედრო წოდებით და უწყებაში მოიპოვებდა, ვთქვათ, კაპიტნის სტატუსს, უწყების დატოვების შემდეგ კვლავ მოსვლამდელ სტატუსს უბრუნდებოდა. ახალი პროექტით ასე აღარ იქნება", - ამბობს კახი კახიშვილი.
რაც შეეხება თავად სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, მინისტრის მოადგილის თქმით, იგი გაუქმდება და მის ნაცვლად პენიტენციარული დეპარტამენტი იქნება, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაექვემდებარება.
ახალი პროექტით, საჩივრების განხილვის ვადა 90-დან 20 დღემდე მცირდება, მათ შორის, პირველადი განხილვა შემოიფარგლება 10 დღით. რაც შეეხება სამარტოო საკანში მოთავსების ვადას, ის 20-დან 14 დღემდე მცირდება.
კახიშვილის თქმით, შეიცვლება თანამშრომლების მიღების წესიც. კონკურსის წესით არჩეული კანდიდატები კურსანტის სტატუსით 20-კვირიან მოსამზადებელ თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან, რის შემდეგაც გამოცდას ჩააბარებენ. გამოცდის შედეგებით განისაზღვრება, 3 კატეგორიიდან რომელ სახელფასო კატეგორიაში მოხვდებიან და რამდენი იქნება მათი ანაზღაურება. მინისტრის მოადგილის თქმით, ეს კურსანტების მოტივაციასაც გაზრდის.
პატიმრობის კოდექსის პროექტში, ასევე გათვალისწინებულია ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ჩანაწერების შენახვის ვადაც. წერია, რომ არანაკლებ 24 საათის განმავლობაში უნდა იყოს დაცული, თუმცა კახიშვილი ამბობს, რომ ჩანაწერი ისედაც მექანიკურად იშლება, როცა მყარ დისკზე ადგილი აღარ რჩება და ამას უწყების თანამშრომელი არ აკეთებს.