თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი მარიამ გერსამია წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის მიერ მისი მისამართით გავრცელებულ საჩივარს პასუხობს.
„საჩივრის წერილი შევიდა არა მხოლოდ რექტორთან, არამედ აკადემიურ საბჭოშიც. მე არავინ დამკავშირებია, რომ ჩემი პოზიცია დაეფიქსირებინათ“, - განუცხადა მარიამ გერსამიამ „ლიბერალს“.
მარიამ გერსამიას თქმით, გერბის შეცვლა და ამ თემის გადახედვა შესაძლებელია. მისივე განმარტებით, წნეხის ქვეშ არ უნდა მოექცნენ ის პროფესორები, რომლებიც ამ საკითხის განხილვას მოითხოვენ.
გერსამია დადანაშაულების მოტივს თავისი აქტიურობით ხსნის. „მე ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც მოსაზრება ღიად გამოხატა ჯერ უნივერსიტეტში შეხვედრებზე, შემდეგ კი საჯაროდ. აღნიშნული გერბი, რომელიც სენატმა დაამტკიცა, სხვადასხვა მიზეზის გამო არ მომწონს“, - განაცხადა გერსამიამ.
პროფესორი საჭიროდ მიიჩნევს ამ საკითხის შესახებ მსჯელობის გაგრძელებას და მასში საზოგადოების აქტიურ მონაწილეობას.
„დაინტერესება არა მარტო უნივერსიტეტის პროფესორებისა და სტუდენტების მხრიდან, არამედ კუსრდამთავრებულებისა და სპეციალისტების მხრიდან ძალიან დიდია. მნიშვნელოვანია ფართო საზოგადოებასთან დისკუსიები, რადგან გერბი არის უნივერსიტეტის სავიზიტო ბარათი, რომლის დახმარებითაც ჩვენ ვჩნდებით არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც“, - აღნიშნა „ლიბერალთან“ გერსამიამ.
მარიამ გერსამია საუბრობს სიტყვის თავისუფლებაზე და ამბობს, რომ ყველას აქვს უფლება, ღიად გამოხატოს აზრი.
„ჩემი, როგორც მოქალაქის უფლებაა, ღიად დავაფიქსირო საკუთარი აზრი. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციით არის დაცული. მე ვარ ჟურნალისტი და სწორედ, ამას ვასწავლი ჩემს ახალგაზრდა სტუდენტებს. ჩვენ ეს უფლება უნივერსიტეტში უნდა დავიცვათ ყველაზე მეტად, რადგან ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება“, - ამბობს გერსამია.
„ლიბერალი“, ასევე დაუკავშირდა თსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრს ირაკლი კუპრაძეს.
„მარიამ გერსამიამ განცხადება გააკეთა თსუ-ის გერბის შესახებ, სადაც ამბობს, რომ წინასწარი განხილვა არ ყოფილა. სიტყვა „ტფილისს“ უკავშრებს რუსულ-იმპერიალისტურ გეგმებს. მისი მხრიდან ეს საქციელი ვერ მიიჩნევა მორალურად, ვინაიდან ის გახლავთ აკადემიური საბჭოს წევრი და ევალება უნივერსიტეტის სენატის სხდომებზე დასწრება. ყველა ესწრება ამ სხდომებს მარიამ გერსამიას გარდა“, - განაცხადა კუპრაძემ
ირაკლი კუპრაძე ამ თემასთან დაკავშირებით რუსულ იმპერიალისტურ გეგმებზე საუბარს აბსურდულს უწოდებს. მისი განმარტებით, სიტყვა „ტფილისი“ „შუშანიკის წამებაშიც“ არის მოხსენიებული და თავად უნივერსიტეტის დამფუძნებელმა, ივანე ჯავახიშვილმაც უწოდა თსუ-ს „ტფილისის უნივერსიტეტი“.
კუპრაძის განცხადებით, უნივერსიტეტის ლოგო ძველი სახით აღდგა და ოფიციალური სახე მიეცა, უნივერსიტეტს კი სახელი არ ეცვლება.
ირაკლი კუპრაძის შეფასებით, მარიამ გერსამია უნივერსიტეტის პოლიტიკურ ანგაჟირებაში ჩართვას ცდილობს. მისივე თქმით, უნივერსიტეტის რექტორთან გერსამიას გათავისუფლების მოთხოვნით განცხადება არ შეუტანია.
უცვლელად გთავაზობთ ირაკლი კუპრაძის მიერ გავრცელებულ წერილს:
„მოგესალმებით.
ალბათ, უკვე გაეცანით საინფორმაციო საშუალებებით გაკეთებულ განცხადებას უნივერსიტეტის გერბთან დაკავშირებით, რომელიც აკადემიური საბჭოს წევრ, ქალბატონ მარიამ გერსამიას ეკუთვნის. ნამდვილად შეურაცხყოფილი ვარ, როგორც ამ გერბის განმხილველი კომისიის წევრი და როგორც უბრალოდ სენატის წევრი. ქალბატონი მარიამისგან ეს განცხადება ყველაზე მსუბუქად რომ ვთქვათ, უპასუხისმგებლო იყო. რატომ იყო უპასუხისმგებლო, ახლავე მოგახსენებთ.
როგორც აკადემიური საბჭოს სხვა წევრებს, მარიამ გერსამიასაც აქვს უფლებამოსილება და ვალდებულება დაესწროს სენატის სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს დღის წესრიგით არსებული საკითხების განხილვაში და ასეც ხდება, მხოლოდ ქალბატონი მარიამის გამოკლებით. აკადემიური საბჭოს წევრები ესწრებიან სენატის სხდომებს და ხშირად აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას. სენატის არჩევიდან 2 თვე გავიდა და 4 სხდომა ჩატარდა, მე კი თვალით არ მინახავს ქალბატონი მარიამ გერსამია, რომელიც ვალდებულებას არღვევს და ერთხელაც კი არ დასწრებია სენატის სხდომას, მათ შორის არც იმ 2 სხდომას, სადაც აქტიურად განიხილებოდა უნივერსიტეტის გერბის საკითხი და ჩვენ მისგან ერთი შენიშვნაც კი არ მიგვიღია. აქედან გამომდინარე, მას არ აქვს მორალური უფლება, გააკეთოს მსგავსი განცხადებები. ვთხოვ აკადემიურ საბჭოს და სენატს, შესაბამისად გასცეს პასუხი ამ უპასუხისმგებლო განცხადებას და მოითხოვოს ქალბატონი გერსამიასგან მოვალეობის სრულყოფილი შესრულება, რათა სამომავლოდ თავიდან ავიცილოთ მსგავსი „განცხადებები“. მე არ მჯერა, რომ აკადემიური საბჭოს წევრები ნაკლებად დაკავებულნი არიან, ვიდრე ქალბატონი მარიამ გერსამია.
იმედია, ჩემი თხოვნა გათვალისწინებული იქნება. მე როგორც სენატის რიგითი წევრი, ვასრულებ ჩემს მოვალეობას და მოვითხოვ, იმავეს სხვებისგან, იქნება ეს პროფესორი თუ სტუდენტი.
უდიდესი პატივისცემით, სენატისა და აკადემიური საბჭოს მიმართ“, - ნათქვამია ირაკლი კუპრაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.