სოციალური მომსახურების სააგენტოში რეორგანიცაზია მიმდინარეობს. გაუქმდა ათი რეგიონული სამსახური, რის საფუძველზეც 64 ადამიანი გათავისუფლდა. როგორც სააგენტოში ამბობენ, გათავისუფლებული თანამშრომლები კომპენსაციას მიიღებენ, რეორგანიზაციის საჭიროება კი მას შემდეგ დადგა, რაც სოციალური მომსახურების სააგენტომ შიდა კვლევა ჩაატარა - აღმოჩნდა, რომ რეგიონული სამსახურები სისტემის ზედმეტ რგოლს წარმოადგენდა.
„ხშირ შემთხვევაში რაიონის სოციალური მომსახურების სააგენტოებსა და მათ რეგიონულ ცენტრებში ერთი და იმავე ფუნქციის მატარებელი შტატები იყო, შესაბამისად, ფუნქციების დუბლირება ხდებოდა, ამიტომ უფრო ცენტრალიზებული და მოქნილი სისტემისთვის უმჯობესი იყო, ეს რეგიონული სამსახურები გაუქმებულიყო. მათ ბაზაზე რეგიონის მთავარ ქალაქებში ახალი სამსახური შეიქმნა, რომელსაც რეგიონის საკოორდინაციო ცენტრი ჰქვია. სწორედ იქ გადავიდნენ ძველ სამსახურში დასაქმებულ თანამშრომელთა ნაწილი და მათ გადაეცათ ფუნქციები, რომელიც რაიონულ ცენტრებში არ მეორდებოდა“, - ამბობენ სოციალური მომსახურების სააგენტოში.
მათივე ინფორმაციით, ახლად შექმნილ რეგიონულ საკოორდინაციო ცენტრებში დანიშნული ხელმძღვანელები დროებითი მოვალეობის შემსრულებლები არიან: „შემდეგ გაიმართება კონკურსი, რომელში მონაწილეობაც ყველას შეეძლება“.