გურჯაანის რაიონული სასამართლო შენობიდან პატიმრის გაპარვის ფაქტს განცხადებით ეხმაურება. სასამართლო განმარტავს, რომ 2015 წლის 2 თებერვალს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე მიტო ხინაშვილი ბრალდებულ დიმიტრი ხაჩიაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დიმიტრი ხაჩიაშვილს პატიმრობა შეეფარდა.
„პროცესის დასრულების შემდეგ, პოლიციის მიერ პატიმარი ჩაყვანილ იქნა სასამართლო შენობაში, პატიმართა დროებითი მოთავსების საკანში. კანონის შესაბამისად, ის იმყოფებოდა პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ. სწორედ ამ საკნიდან მოახერხა პატიმარმა დიმიტრი ხაჩიაშვილმა გაქცევა“, - აღნიშნულია გურჯაანის სასამართლოს განცხადებაში.
სასამართლო ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან, რათა არ მოხდეს საზოგადოებისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდება და სასამართლოს დისკრედიტაცია.
როგორც „ლიბერალს“ სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, ამჯამად ბრალდებულის მიმართ ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო მათ საქმეს, ვისაც ბრალდებულის გაქცევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება, პროკურატურა გამოიძიებს.