
"ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეში ერთ-ერთ ვერსიად შურისძიების მოტივს ჩვენც განვიხილავდით და ყოველდღიურ რეჟიმში ვამოწმებდით ამ ინფორმაციას",- აღნიშნა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა.
ადვოკატის თქმით, დამოუკიდებლად ჩატარებული გამოძიების შედეგები მათ პროკურატურას მიაწოდეს, გამოძიებამ ის გადაამოწმა, შეაჯამა და ის შედეგი მიიღო, რაც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. მაგრამ სრულყოფილი იყო თუ არა გამოძიება და სრულად გამოვლინდნენ თუ არა ის პირები, ვისაც ამ საქმესთან შემხებლობა ჰქონდა, ადვოკატი ამას საქმის მასალების გაცნობის შემდეგ შეფასებს.
"სწორედ ამის გამო გვინდა საქმის მასალების გაცნობა. ჩვენ, როგორც დაზარალებულის მხარეს, ამ სტატუსის ფარგლებში ამის საშუალება გვექნება და შემდეგ სამართლებრივ შეფასებას გავაკეთებთ. ჩვენი და იური ვაზაგაშვილის მოთხოვნა არა ვინმეს დასჯა, არამედ სიმართლის დადგენა იყო - რატომ მოკლეს მისი შვილი კორტებთან. ჩვენი გვინდა სასჯელი არა უდანაშაულო ადამიანებს, არამედ იმ პირებს დაეკისროთ, ვისაც ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმესთან რაიმე შემხებლობა ჰქონდა".
გაგი მოსიაშვილის განმარტებით, რამდენიმე პირის დაკავება და მათთვის ბრალის წაყენება გამოძიების დასრულებას არ ნიშნავს. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და შესაძლოა, სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.
"ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ გამოკვეთილიყო ნებისმიერი პირის კავშირი ამ საქმესთან და თუ ვინმეს უშუალო ჩართულობა დადასტურდებოდა, მათი პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარიყო".