საქართველოს სკოლებში ახალი საგნის სწავლება იწყება სახელწოდებით - „მე და საზოგადოება“. შესაბამისი ცვლილება უკვე შევიდა ეროვნულ სასწავლო გეგმაში, რომელიც გაზაფხულზე დამტკიცდება - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა განაცხადა.
„მე და საზოგადოება“ 2015-2016 სასწავლო წლებში თბილისსა და რეგიონების რამდენიმე სკოლაში გაივლის პილოტირებას, ხოლო 2016-2017 სასწავლო წლიდან ახალი საგანი მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში სავალდებულო გახდება.
„სამოქალაქო ცნობიერების ხარისხი მაინც დაბალია და ამ საგნის მე-9 კლასიდან სწავლება დაგვიანებულია. ამიტომ, საზოგადოებრივი მეცნიერებების ჯგუფი დაწყებით საფეხურზე ჩამოვიტანეთ. საგნის „მე და საზოგადოება“ სწავლება ამ ეტაპზე მესამე და მეოთხე კლასში დაიწყება. პარალელურად, გავაგრძელებთ დამუშავებას და სწავლებას მე-5 მე-6 და მე-7 მე-8 კლასებშიც. თემები ძალიან მრავალფეროვანია. ამ საგნის სწავლება სხვადასხვა მიმართულებით მიდის, ასაკის შესაფერისია და ხელს უწყობს მოსწავლის პიროვნულ განვითარებას“, - აღნიშნა ლია გიგაურმა.
ლია გიგაურის განმარტებით, ახალი საგნისათვის საჭირო საგანმანათლებლო რესურსი სახელმძღვანელოს სახით ჯერ არ არსებობს. ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შემდეგ, შესაბამისი სახელმძღვანელოს კონკურსი გამოცხადდება.