თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძის ინიციატივა ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის წინადადებით, კი ფიროსმანის ქუჩა სამუზეუმო სივრცედ იქცევა.
თბილისის საკრებულოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ბერაძემ აღნიშნული ინიციატივით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს უკვე მიმართა და დღეს ამ თემაზე შეხვედრაც გაიმართა.
დეპუტატმა შეხვედრის მონაწილეებს ფიროსმანის ეპოქის დამახასიათებელი დუქნებისა და სამიკიტნოების მსგავსი ობიექტების აღდგენის ინიციატივით მიმართა და სავაჭრო ცენტრების განთავსებაზეც ისაუბრა.
რიმა ბერაძემ მნიშვნელოვნად მიიჩნია, აგრეთვე, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ფიროსმანის სიმბოლური საფლავის მოწესრიგებაც.
ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივას შეხვედრაზე დადებითი შეფასება მოჰყვა.
„ძველი უბნების რეაბილიტაცია კულტურის სამინისტროსა და კულტურის მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ჩარევის გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომ ფიროსმანის ქუჩის მსგავსი პროექტები ერთობლივი ძალისხმევით უნდა განხორციელდეს“, - ასე გამოეხმაურა საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი აღნიშნულ ინიციატივას.
მისივე თქმით, იმისათვის, რომ თბილისმა არ დაკარგოს ძველი იერსახე და ამავდროულად არ დაირღვეს მოსახლეობის უფლებები, აუცილებელია ისეთი ინვესტორის შერჩევა, რომელიც ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის თქმით, კულტურის მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და საკრებულოს შორის ასეთი სახის კომუნიკაცია დღემდე არ ყოფილა და ამ შეხვედრით უკვე გადაიდგა პირველი ნაბიჯი, რაც სასიკეთოდ წაადგება დედაქალაქს.
მისივე თქმით, შეიქმნება სპეციალური ჯგუფები, რომლებიც მოამზადებენ დასკვნას, შემდეგ კი უკვე ეტაპობრივად მოხდება ძველი თბილისის ქუჩების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია.
რიმა ბერაძის წინადადება, ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ქუჩა-მუზეუმად რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გამართვის შესახებ, დედაქალაქის მერიას გადაეგზავნა.