ფიზიკოსი გია დვალი, რომელიც ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და ადრონული თერაპიის მეგაპროექტზე იწყებს მუშაობას, ადრონულ თერაპიაზე საუბრობს, რომელიც, მისი თქმით, იძლევა საშუალებას, კიბოს უჯრედები ჯანსაღი უჯრედების დაუზიანებლად განადგურდეს.
„ადრონული თერაპიის გარშემო აგებული საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრის - ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის არსი შემდეგია:
სიმსივნის ადრონული თერაპია ეს არის მეცნიერული კვლევის ერთ-ერთ უახლეს მიმართულებაზე დაფუძნებული თერაპიის მეთოდი, რომელიც მაქსიმალურად ეფექტიანად ანადგურებს კიბოს უჯრედებს, ჯანსაღი უჯრედების დაუზიანებლად. ეს დარგი ეფუძნება ნაწილაკების ამაჩქარებელზე წარმოებულ მაღალი ენერგიების ფიზიკის კვლევებს, მაგრამ ასევე აქვს უმნიშვნელოვანესი სამედიცინო გამოყენება.
პროექტის იდეაა, რომ საქართველოში შეიქმნას ადრონული თერაპიის კვლევებისთვის აუცილებელი ამაჩქარებელი შესაბამისი ინფრასტრუქტურით და კვლევის ამ მიმართულების გარშემო აეწყოს საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრი, ტექნოლოგიური ინსტიტუტის სახით, რომელიც ერთგვარი ლოკომოტივის როლს შეასრულებს ზოგადი მეცნიერული და სასწავლო დონის ამაღლებისთვის ქვეყანაში. პროექტი უნიკალურია ასევე იმით, რომ მრავალმხრივი მნიშვნელობა აქვს:
1) სამეცნიერო-კვლევითი 2) საგანმანათლებლო 3) ინტერდისციპლინარული 4) სამედიცინო 5) სოციალური 6) ჰუმანური 7) რეგიონული. ეს პროექტი ბუნებრივად შეასრულებდა ერთ-ერთ წამყვან როლს საქართველოს CERN-თან თანამშრომლობასა და სხვა საერთაშორისო სტრუქტურებთან ინტეგრაციაში.
რაც შეეხება რეალისტურობას, გასაკვირი არაა, რომ ქვეყნისათვის ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი ურთულესი განსახორციელებელია. იდეამ პროგრამის სახე მიიღო ბიძინა ივანიშვილის აქტიური მონაწილეობით, რომელიც, ამის გარდა, თავის თავზე იღებს სრულ ფინანსურ მხარდაჭერას. თუ ამას დავუმატებთ რომ არსებობს მეცნიერ ლიდერთა ჯგუფი, აუცილებელი პირობა, რაც პროექტის წარმატებისთვის განმსაზღვრელი რჩება, არის მთავრობისა და პარლამენტის მხრიდან აქტიური მხარდაჭერა.
პროექტის პრეკონცეფცია შემუშავდა დოქტორ თემურ ლომთაძესთან ერთად, რომელიც უმაღლესი დონისა და უამრავი საერთაშორისო დამსახურების მქონე ექპერიმენტატორია მაღალი ენერგიების ფიზიკაში. ასევე პროფესორ მარიამ ცაცანაშვილთან ერთად, რომელმაც კონცეფციის იურიდიული კუთხით გამართვა უზრუნველყო.
ასევე, პროექტის გააზრებისთვის გადამწყვეტი იყო და არის ჩვენს შესანიშნავ კოლეგებთან ურთიერთობა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებიდან" - ამბობს გია დვალი.
5 თებერვალს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის კონცეფციისა და დაფუძნების საკითხთა შემმუშავებელი კომისიის სხდომა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი უძღვებოდა. კომისიის თანათავმჯდომარე კი გია დვალია. კომისიის წევრია ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი.