
თბილისის საქალაქო სასამართლო მერიის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის ჯოკია ბოდოკიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ პროკურატურის შუამდგომლობას განიხილავს.
როგორც „ლიბერალის“ კორესპონდენტი იტყობინება, პროცესის დაწყებამდე პროკურორმა, მალხაზ გეწაძემ განაცხადა, რომ ბოდოკიამ შპს „დარიოუშის“ (DARYOUSH) წარმომადგენელ ნათია მახარაშვილს საერთო ჯამში 181 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა, საიდანაც წინასწარ 50 000 მიიღო.
„ეს თანხა იმ მოტიცით იყო მოთხოვნილი, რომ ბოდოკია ნათია მახარაშვილს თაბუკაშვილის # 32 ნომერში მდებარე მიწის ნაკვეთზე სასტუმროს მშენებლობის ნებართვის მოპოვებას, ასევე მშენებლობის დასრულებამდე სამსახურებრივ მფარველობას დაჰპირდა. შესაბამისად, იგი პირობას იძლეოდა, რომ ყველა პრობლემას მოაგვარებდა, რომელიც მშენებლობის პროცესში წარმოიქმნებოდა, - თქვა პროკურორმა.
პროკურორის თქმით, ქრთამის მიმცემი ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება, რადგან მან გამოძიებასთან თანხის მიცემამდე ითანამშრომლა.
მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის ყოფილი უფროსი ჯოკია ბოდოკია წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ ქრთამი არ აუღია - ამის შესახებ ჯოკია ბოდოკის ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილი „ლიბერალთან“ საუბრისას განაცხადა.
რაც შეეხება ბრალდებულის პოზიციას, ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა პროცესის დაწყებამდე "ლიბერალთან" საუბარში აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა ამასთან კატეგორიულად არ ეთანხმება ბრალდების ფორმულირებას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი ჯოკია ბოდოკია დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.