ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სერგო რატიანის საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, სამეურვეო საბჭოს მიერ სკოლის დირექტორის არარჩევის/ვერარჩევის შემთხვევაში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი სკოლის დირექტორს ვეღარ დანიშნავს. პროექტის მიხედვით, მინისტრმა დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელი უნდა დანიშნოს.
რატიანის კანონპროექტით, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მომდევნო არჩევნებამდე ინიშნება და მას დირექტორისგან განსხვავებით სხვა უფლებამოსილება აქვს.
„სკოლებში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლების არსებობა დისკომფორტი უნდა იყოს ნებისმიერი მთავრობისა და ნებისმიერი სამინისტროსთვის“, - აცხადებს რატიანი.
როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, აღნიშნული საკითხი შესასწავლი და დასარეგულირებელია, ამიტომ კომიტეტის სხდომებზე მას დაწვრილებით განიხილავენ.
„მინისტრის დისკრეციულ უფლებას შესაძლოა, დადებითი მხარეც აქვს და უარყოფითიც. თუკი, ვთქვათ, სამეურვეო საბჭომ ვერ მიიღო გადაწყვეტილება და შეიქმნა გამოუვალი ვითარება, უდირექტოროდ ხომ არ დარჩება სკოლა, ვიღაცამ თავის თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა“, - აცხადებს კიღურაძე.
როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას განათლების მინისტრის მოადგილე აცხადებს, ამ თვალსაზრისით, დღევანდელი სისტემა ეფექტიანია. მოქმედი კანონმდებლობით, მინისტრი უფლებამოსილია, დანიშნოს როგორც დირექტორი, ისე დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
„ჯერ უნდა განვიხილოთ პროექტი, შევისწავლოთ მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები და მერე შეგვიძლია ამ საკითხზე მსჯელობა“, - აცხადებს ლია გიგაური.