შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის სამედიცინო (სოციალური) ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი გიორგი ბეჟანიშვილი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა. ამის შესახებ ცნობას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.
ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე კი შპს „საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრის“ ადმინისტრაციული დირექტორი ნინო ასათიანია დაკავებული.
დაკავებულთა შორისაა მოქალაქე ვალერი ნ., რომელიც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გასაღებაშია ბრალდებული.
გამოძიების ინფორმაციით, ვალერი ნ. გიორგი ბეჟანიშვილთან 2500 ლარის სანაცვლოდ, მოქალაქეს ყალბი ჯანმრთელობის ცნობის საფუძველზე შშმ პირის პენსიის დანიშვნაში დახმარებას დაჰპირდა. გიორგი ბეჟანიშვილმა კი აღნიშნული ცნობის გაცემაში დახმარება ნინო ასათიანს სთხოვა, რომელმაც ჯანმრთელობის მდგომარეობის ყალბი ცნობა შეადგინა და გასცა.
სამართალდამცველებმა ქრთამის სახით გადაცემული თანხის ნაწილი - 1 500 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 362-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქრთამის აღებას და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღებას ან გამოყენებას გულისხმობს. დაკავებულებს 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.