
„უმუშევრობის პრობლემის ფონზე მერიიდან 500-მდე ადამიანის უსამსახუროდ დატოვება სახელმწიფო სტრუქტურებში არსებულ სისტემურ კორუფციაზე მიანიშნებს", - ამბობს „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირმა ნადირაშვილი. მისი შეფასებით, გათავისუფლებული ადამიანები პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლნი გახდნენ.
„ნარმანიას უნდა, მთელი მერია ჯოკია ბოდოკიებად გადააქციოს. ის ეძებს ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ფულის კეთება კარგად შეუძლიათ და მის ოჯახთან დაახლოებულები არიან“, - განაცხადა ნადირაშვილმა.
თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დღეს მერიაში ჩატარებული კონკურსის შესახებ განაცხადა, რომ იმ ვაკანსიებზე, რომლებშიც გამარჯვებულები ვერ გამოვლინდნენ, ხელახალი კონკურსი გამოცხადდება.
„კონკურსის ერთ ნაწილში გამარჯვებულმა 500-მა ადამიანმა დააკმაყოფილა შესაბამისი მოთხოვნები და კომისიამ დანიშვნის რეკომენდაცია გასცა. ვაკანსიების ერთი ნაწილი თავისუფლად რჩება, თუმცა დამატებითი კონკურსი გაიმართება და მასში მონაწილეობას ყველა შეძლებს“, - განაცხადა ნარმანიამ.
კონკურსი გამოცხადებული იყო 1 033 ვაკანსიაზე, საიდანაც კომისიამ დადებითი რეკომენდაცია 484 პრეტენდენტს გაუწია. მერიაში აცხადებენ, რომ დანარჩენ 549 ვაკანტურ ადგილზე ხელახალი კონკურსი მოგვიანებით გამოცხადდება.
ასევე აღინიშნა, რომ ვაკანტური ადგილების 40% ახალი კადრებით დაკომპლექტდება.