„მთავრობის სხდომა არ არის ცირკი, სადაც სანახაობა უნდა მოაწყო. „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა კარგად იცოდნენ, რომ მათი ადგილი სხდომაზე არ იყო", - საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მთავრობის სხდომის დაწყებამდე დღეს კანცელარიაში მომხდარ მცირე კამათს გამოეხმაურა.
„ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები, სერგო რატიანი და ზურაბ ჯაფარიძე მთავრობის სხდომაზე დასწრებას მოითხოვდნენ, თუმცა საპარლამენტო უმცირესობის წევრებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ განუმარტა, რომ მათ მთავრობის სხდომაზე დასწრებას კანონმდებლობა უკრძალავდა.
„მთავრობის საქმიანობის შესახებ კანონში ნათქვამია, ვინ ესწრება მთავრობის სხდომას. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონის თანახმად, ჩამოთვლილია ის პირები, რომელთაც შეუძლიათ, სხდომაში მონაწილეობა,” - განმარტა თადუმაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატების განცხადებით, მთავრობის წევრებისთვის მათ მიერ შედგენილი 36-პუნქტიანი სამოქმედო გეგმის გადაცემა სურდათ, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებს მოიცავს. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა გეგმის რამდენიმე ეგზემპლარი შალვა თადუმაძეს დაუტოვეს.