Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქმედუნარიანობის ინსტიტუტის რეფორმა საქართველოში - ახალი მიდგომა და ცნებები

25 თებერვალი, 2015 22:22

საქართველოში ქმედუნარიანობის ინსტიტუტის რეფორმა იგეგმება. პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა დღეს მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარსადგენ ცვლილებათა პროექტს, რომლის მიხედვითაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირების მიმართ სამოქალაქო კოდექსში არსებული მიდგომა იცვლება.

ცვლილებების მიზეზი გახდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის გამო პირების ქმედუნარიანობის შეზღუდვის საკანონმდებლო რეგულაციები. ამის გამო პარლამენტს დაევალა, აღნიშნული რეგულაციები შესაბამისობაში მოიყვანოს როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ასევე გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციასთან“.

კანონპროექტის ავტორების თქმით, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია“ პრინციპულად უარყოფს ადამიანისთვის ქმედუნარიანობის ჩამორთმევას. მათი თქმით, კონვენციით გათვალისწინებული მოთხოვნებით, მხოლოდ ფსიქიკური ჯანმრთელობის გამო ადამიანისთვის არათუ ქმედუნარიანობის ჩამორთმევა, არამედ ქმედუნარიანობის შეზღუდვაც კონვენციით დადგენილი მაღალი სტანდარტების საწინააღმდეგოდ მიიჩნევა.

ამ მოთხოვნებიდან გამომდინარე, ტერმინ ქმედუუნაროს ნაცვლად სამოქალაქო კოდექსში შემოდის ცნება, „ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირი (მხარდამჭერის მიმღები). დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, „მხარდამჭერის მიმღები“ პირი მიიჩნევა ქმედუნარიან პირად, რომელსაც ფსიქო-სოციალური საჭიროებების ინდივიდუალური შესწავლის საფუძველზე შეიძლება, სასამართლომ დაუნიშნოს მხარდამჭერი, ანუ პირი, რომელიც მას დაეხმარება უფლებების რეალიზებასა და ინტერესების დაცვაში.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით, ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირად მიჩნევა მოხდება ინდივიდუალური შეფასების მიხედვით, რომელიც არ დაეფუძნება მხოლოდ სამედიცინო მოდელს და მასში მნიშვნელოვან ადგილს დაიჭერს სოციალური შეფასების სისტემაც.

ინდივიდუალური შეფასებისა და სოციალური მოდელის ასახვის მიზნით, ექსპერტიზის დასკვნას გასცემს მულტიდისციპლინარული გუნდი.

1 მაისამდე კი ჯანდაცვის სამინისტრო ვალდებული იქნება, შეიმუშაოს და დაამტკიცოს ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის წესი და სტანდარტები.

ამასთან, პროექტში აღნიშნულია, რომ დაუშვებელია ქმედუნარიანობის შეზღუდვა შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე.

რაც შეეხება მხარდამჭერის ვალდებულებებს, ფსიქო-სოციალური საჭიროებების მქონე პირის მხარდამჭერი მოვალეა, თვალყური ადევნოს ასეთი პირის მუდმივ სამედიცინო მომსახურებას, გამოიკვლიოს მისი სურვილები/არჩევანი და დაეხმაროს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში.

კანონპროექტის თანახმად, მხარდამჭერს ნიშნავს სასამართლო, რომელიც ასევე განსაზღვრავს მხარდაჭერის ფარგლებს და მხარდამჭერი პირის უფლება-მოვალეობებს.

მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს ოჯახის წევრი, ნათესავი ან ახლობელი, რომელიც კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

ასევე, მხარდამჭერის საქმიანობას ზედამხედველობას გაუწევს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, რომლის მიზანიც მხარდამჭერის ფუნქციების კონტროლი იქნება. მხარდამჭერი ვალდებული იქნება, ამ ორგანოს მოაწოდოს ინფორმაცია სასამართლოს მიერ მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი ცვლილებებით, შემოთავაზებულია გარდამავალი ეტაპი, რომელიც 5-წლიან პერიოდს ითვალისწინებს. შესაბამისად, 2015 წლის 1 აპრილიდან, 4 წლის განმავლობაში ქმედუუნარო პირების მეურვეები ვალდებულნი არიან, მიმართონ სასამართლოს ინდივიდუალური შეფასებისთვის და მხარდაჭერის ხარისხის დასადგენად.

როგორც უკვე აღინიშნა, ტერმინი ქმედუუნარო იცვლება ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირის სტატუსით. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი გოცირიძე, „ლიბერალთან“ საუბრისას, ძველი და ახალი მიდგომის განმასხვავებელ ნიშნებზე საუბრობს.

მისი თქმით, დღეს მოქმედი ნორმების მიხედვით, ქმედუუნარო სტატუსის მქონე პირს ჰყავს მეურვე, რომელიც სამეურვეო პირის ნებას საკუთარი ნებით ანაცვლებს, ამიტომ ეს ადამიანები სამოქალაქო ცხოვრებიდან გამქრალები არიან, რადგან მისი სახელით მოქმედებს ერთი ადამიანი - მეურვე.

„ამჟამად ამ ნების ჩანაცვლების პრინციპი არ გვექნება, არამედ გვექნება მხარდამჭერის პრინციპი, ანუ გადაწყვეტილებას მიიღებს ის პირი, ვისაც ეს ეხება, თუმცა გადაწყვეტილების მიღების წინ ის კონსულტაციას გაივლის მხარდამჭერთან, ამ ადამიანისთვის გასაგები საკომუნიკაციო ფორმით, მეურვე მას მიაწვდის ინფორმაციას, აუხსნის რას ეხება ესა თუ ის გარიგება და ამის შემდგომ მხარდამჭერის მიმღები გამოხატავს ნებას ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით“, - აცხადებს გოცირიძე.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ადამიანის უფლებების პროგრამის ხელმძღვანელის, ლინა ღვინიანიძის შეფასებით, ეს არის რეფორმა, რომელიც არსებითაც ცვლის ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებას და საზოგადოების დამოკიდებულებას ამ ადამიანების მიმართ.

„დღეს მოქმედი მოდელით, ქმედუუნარო პირებს ყველა უფლება ავტომატურად ჩამორთმეული აქვთ. მათ არ აქვთ ქორწინების, შვილების აღზრდის უფლება, ფაქტობრივად, ისინი სამოქალაქო სივრცეში გარდაცვლილები არიან. არც ერთი უფლებით არ სარგებლობენ, ყველაფერს აკეთებს მათი მეურვე, ანუ მათი ნება ნაცვლდება“, - აცხადებს ღვინიანიძე.

როგორც ის ამბობს, ამ რეფორმის მთავარი მიმართულება არის ის, რომ ნების ჩანაცვლების მოდელი უქმდება.

„სისტემა ინდივიდუალურ მოდელზე გადადის, რაც ნიშნავს, რომ სასამართლო ექსპერტიზის მეშვეობით შეაფასებს, რა ნაწილში სჭირდებათ მას დახმარება, რა ნაწილში - არა და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ნების გამოვლენას დასჭირდება მხარდამჭერი, დაენიშნება ისეთი მხარდამჭერი, რომელიც ეხმარება მას და არ ანაცვლებს“, - ამბობს „ლიბერალთან“ საუბრისას ღვინიანიძე.

პროექტის ინიცირებას იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა.

რაც შეეხება კანონპროექტის მომზადების პროცესს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ამავე კომიტეტის გადაწყვეტილებით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩართული იყო ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროები, სახალხო დამცველის აპარატი, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობა, არასამთავრობო ორგანიზაციები და ა.შ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^